მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაღალი ეკონომიკური ზრდის ფასია, რომ ჩვენ რუსეთის მძევლები ვხდებით“ - ფადი ასლი

647753e4cbad2
ელენე კვანჭილაშვილი
31.05.23 18:55
680
ბიზნესმენმა, ICC Georgia-ს პრეზიდენტმა ფადი ასლიმ დღეს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა. მოგვიანებით, ფადი ასლი ‘ანალიტიკა’–ს ავტორსა და წამყვანს ელენე კვანჭილაშვილს ესაუბრა. მოკლე ინტერვიუში ფადი ასლიმ განმარტა, თუ რატომ მიმართა ყოფილ და არა – მოქმედ პრემიერს და ისიც, თუ რატომ ვერ გამდიდრდება საქართველო რუსეთზე საკუთარი ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდით.

- რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი, რაც გინდოდათ ღია წერილით მიგეწვდინათ ბიძინა ივანიშვილისთვის? როგორც თქვენ თვითონვე აღნიშნავთ წერილში, რამდენჯერმე მიმართეთ უკვე ამ ფორმით ყოფილ პრემიერმინისტრს – რა აქცევს დღევანდელ წერილს გამორჩეულად?

- საქართველო დღეს, ჩემი აზრით, ყველაზე საშიშ პერიოდს გადის. საქართველო დღეს კურსის ცვლილების პროცესშია. კურსის ცვლილებაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად აქვს მიღებული ბიძინა ივანიშვილს – იმის მიუხედავად, რას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია და რა სურს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და ეს არის ევროკავშირის და ნატო–ს წევრობა. ბიძინა ივანიშვილმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაუვლის საქართველოს კონსტიტუციას, გადაუვლის საქართველოს მოქალაქეების 80%–ს და ჩვენს თავს ვერცხლის ლანგარზე მიუგდებს რუსეთს. ჩავთვალე, რომ ნებისმიერი ქართველის სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, რომ ღიად, გამჭვირვალედ, ცალსახად გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით – რაციონალურად, ემოციების გარეშე და მისი ყურადღება მიაპყროს, რომ როგორც ის დღეს იქცევა, არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი ის არის, რომ მე ყოველთვის ვწერ ღია წერილებს ბიძინა ივანიშვილს ან ნებისმიერ პრემიერმინისტრს, როდესაც ქვეყნისთვის ასეთი გარდამტეხი მომენტი დგება – ამით ისტორიაში კვალს ვტოვებ, რომ ადამიანებს შეეძლოთ დროში უკან დაბრუნდნენ და გაიხსენონ, რომ მე ყოველ ასეთ მომენტში ხმა ამოვიღე და შევეცადე სიტუაცია უკეთესობისკენ შემეცვალა.

- ფადი, ამ ჯერზე თქვენ პრემიერმინისტრს არ მიმართეთ და ღია წერილის ადრესატად ბიძინა ივანიშვილი აირჩიეთ – რატომ?

- პრემიერმინისტრი დღეს არაფერს წყვეტს. არც მისი გუნდის რომელიმე წევრი – იქნება ეს პარლამენტის თავმჯდომარე თუ პარტიის თავმჯდომარე. ისინი ბატონი ივანიშვილის მარიონეტები არიან – პოლიტიკაზე გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს, დანარჩენები შემდეგ ამ პოლიტიკას ასრულებენ. ამდენად მე – გადაწყვეტილების მიმღებს მივმართავ. მან გადაწყვიტა კურსის ცვლილება, მისი ინსტრუქციების მიხედვით, იმართება ხელისუფლება, მისი ინსტრუქციაა ევროპასთან ამ ენით საუბარი, დასავლეთთან დაპირისპირება, ელჩების, ევრო–პარლამენტარების, ამერიკელი სენატორების შეურაცხყოფა და დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება. ამდენად, მე მივმართავ მას, ვინც ბრძანებებს გასცემს და არა მათ – ვინც მათ ასრულებს.

- რით ახსნით კურსის ცვლილების გადაწყვეტილებას, როცა საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა ოქტომბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება?

- ორი მიზეზია – ერთი, ვფიქრობ, კრედიტ სუისთან დავას ეხება. ბიძინა ივანიშვილი – სავარაუდოდ, არასწორი მიზეზებით – როგორც ჩანს, ამ დავაში სწორედ დასავლეთს ადანაშაულებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ თუ ქრონოლოგიურად შევხედავთ, დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება დროში ემთხვევა კრედიტ სუისთან მისი პრობლემების გააქტიურებას. მეორე მიზეზი – და ამასაც კარგად აჩვენებს მოვლენების განვითარების ქრონოლოგია – აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შემდეგ სომხეთთან, რომელიც ნაგორნო–ყარაბახში აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა და რამაც პრეზიდენტი ალიევი აზერბაიჯანში ეროვნულ გმირად აქცია. როგორც ჩანს, ბატონმა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ თუ რუსეთთან დათმობის პოლიტიკით აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს, ისიც ეროვნული გმირი გახდება და ძალაუფლებას დაუსრულებელი დროით შეინარჩუნებს. ეს მგონია მეორე მიზეზი. ამის გამოც ირჩევს ის რუსეთის გზას და ცდილობს მათ იმგვარად ასიამოვნოს, რომ რუსეთმა აფხაზეთი და ოსეთი დააბრუნოს.

- რამდენად მიღწევადია ეს მიზნები ამ პოლიტიკით და ზოგადად – როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ რუსეთთან ურთიერთობები გვჭირდება გამდიდრებისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და სწორედ ამიტომ არ უწესებს საქართველო ინდივიდუალურ სანქციებს რუსეთს – რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- დიახ, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა – მაგრამ რა არის ამ ზრდის ფასი? ამ ზრდის ფასია, რომ ჩვენ რუსეთის მძევლები ვხდებით. ნებისმიერ მომენტში, როცა ბიძინა ივანიშვილი აღარ შეასრულებს კრემლის ინსტრუქციებს, ის ჩაუკეტავს საზღვარს საქართველოს, შეწყვეტს პირდაპირ ფრენებს, ჩაკეტავს ექსპორტს, იმპორტს, ინვესტიციებს – რაც საქართველოს ეკონომიკის ასფიქსიას გამოიწვევს. დღეს, როგორც მე ეს ჩემს წერილშიც აღვნიშნე, საქართველოს ეკონომიკის 22% დამოკიდებულია რუსეთზე, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 8%–ი იყო. ეს ნიშნავს, რომ 5.5 მილიარდ დოლარზე ვსაუბრობთ, რაც არის ეკონომიკური ინტერესი რუსეთთან. ეს არის ნაბიჯი ეკონომიკური კატასტროფისკენ. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უდიდეს საფრთხეში აგდებს. საქართველო დღეს ეკონომიკურად რუსეთის მძევალია. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ის არის, რომ შევამციროთ ჩვენი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და გავხსნათ სხვა ბაზრები რაც შეიძლება სწრაფად, განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად ევროკავშირთან, დასავლეთთან – მათ შორის, რეგიონის ქვეყნებთანაც – რომ შევამციროთ ის რისკი, ძალიან დიდი რისკი, რამაც შეიძლება ეკონომიკურად ბოლო მოგვიღოს.

- და ბოლოს, ფადი, შევამჩნიე, რომ ღია წერილს ხელს აწერს ფადი ასლი, ბიზნესმენი და არა – ფადი ასლი, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი – როგორ ფიქრობთ, ბიზნესმაც მეტად უნდა ამოიღოს ხმა კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით?

- მე ჩემი პირადი აზრი გამოვთქვი და მჯერა, რომ ბიზნეს–საზოგადოების სხვა წევრებმაც უნდა აიმაღლონ ხმა. ამას გარდა, ეს არ არის საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება საერთაშორისო სავაჭრო პალატას – მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭო სრულად იზიარებს ჩემს ამ გზავნილს – ჩავთვალე, რომ წერილისთვის ხელი, როგორც კონკრეტულ ბიზნესმენს ისე უნდა მომეწერა.