მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი ფისკალური დეფიციტის შემთხვევაში, სებ-ს განაკვეთის გამკაცრება მოუწევს - გვენეტაძე

61b0728ee7141
მარიამ ვარადაშვილი
08.12.21 13:07
914
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ინფლაციის ზრდას ხელს უწყობს. ასე უპასუხა კობა გვენეტაძე BMG-ის კითხვას, რომელიც ინფლაციის წლიურ მაჩვენებელში საბიუჯეტო დეფიციტის წვლილს ეხებოდა. საქმე ისაა, რომ როგორც სებ-ის ანგარიშებშიც ვკითხულობთ, არსებულ ორნიშნა ინფლაციაში (12.5%) დაახლოებით, 9 პროცენტული პუნქტი ეგზოგენური ფაქტორების წვლილია. ამდენად, კობა გვენეტაძეს ვკითხეთ - რა წვლილი აქვს ინფლაციაში შიდა ფაქტორებს, მაგალითად, რამდენია დეფიციტური ხარჯვის წონა ინფლაციაში და ზოგადად, რამდენად ართულებს ინფლაციის მოთოკვას მთავრობის ფისკალური პოლიტიკა.

“სხვა თანაბარ პირობებში ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ხელს არ უწყობს ინფლაციის დონის შემცირებას. იმ შემთხვევაში თუ დეფიციტი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დაგეგმილი იყო, მას ინფლაციის დონეზე გავლენა ექნება. როგორც აღვნიშნე, აღდგენილი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, კარგია ეკონომიკისთვის, მაგრამ ეს ინფლაციის შემცირებას და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას ხელს უშლის. რაც უფრო გვიან დავბუნდებით ამ მაჩვენებელს, უფრო მეტად შეიძლება გაიზარდოს მაღალი ინფლაციური მოლოდინები.

მოთხოვნის ისეი სტიმულირებას, რომელიც ინფლაციურ პროცესებს იწვევს, მხოლოდ ხანმოკლე სარგებელი აქვს და საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერიოდში, პირიქით, უფრო დაბალ შემოსავლებს და არასტაბილურობას განაპირობებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ფისკალური დეფიციტი შემცირდეს და უფრო მალე დაუბრუნდეს იმ დონეს, რაც პანდემიამდელ პერიოდში იყო. მოსალოდნელზე მაღალი ფისკალური დეფიციტის შემთხვევაში, ინფლაციაზე დამატებითი წნეხის თავიდან ასარიდებლად ეროვნულ ბანკს მოუწევს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება. აქედან გამომდინარე, ფისკალური კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია”, - აცხადებს გვენეტაძე.

2022 წლის ბიუჯეტი 4.2%-იან დეფიციტზე არის დაგეგმილი, თუმცა პანდემიური კრიზისის გამო, როგორც 2021 წლის ასევე 2020 წელს დეფიციტი განსაკუთრებულად მაღალი იყო. შარშან დეფიციტმა რეკორდულ 9.4%-ს მიაღწია, წელს კი 6.7%-მდე შემცირდა. მაღალი დეფიციტით ბიუჯეტის დაფინანსებას აქვს უკუჩვენება და ის ინფლაციაში გამოისახება.