მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაღალი ინფლაცია ის ფასია, რასაც ჩვენ ყველა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ვიხდით“

6336d50eaac8c
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.22 16:01
524

„მაღალი ინფლაცია ის ფასია, რასაც ჩვენ ყველა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ვიხდით“, - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ გააკეთა.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მაღალი ინფლაცია პრობლემა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და ევროპული ქვეყნებისთვისაცაა. მან ქვეყანაში 2023 წლის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელთან დაახლოებაზეც ისაუბრა.

„ინფლაცია ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საქართველოს ეკონომიკაშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება ევროკავშირის დიდ ეკონომიკებშიც, არ მაქვს საუბარი მცირე ეკონომიკის ქვეყნებზე, სადაც 20-22%-იანია ინფლაციაა, დიდ ეკონომიკებშიც ინფლაცია 10%-ზე მაღალია. სურსათის, საწვავის და ა.შ. ფასების ეფექტი გარკვეულწილად საქართველოზეც აისახება. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ყველამ ვთქვათ, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი არის ის ფასი, რომელსაც ჩვენ ყველა იმაში ვიხდით, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ ომს აწარმოებს.

შესაბამისად, ეს მოცემულობა აისახება არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელ რეგიონზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებზე. ამ მიმართულებით მომდევნო წელს შედარებით უკეთესი მოლოდინი გვაქვს, ვიდრე მიმდინარე წელს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ პროგნოზით, მომდევნო წლის მეორე კვარტლის შემდეგ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს, საუბარია ყოველთვიურ ინფლაციაზე, რომელიც 3%-თან უნდა იყოს ახლოს.

"რაც შეეხება საშუალო წლიურ ინფლაციას, ბუნებრივია, ის 3%-ზე მაღალი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ წლის პირველ ნახევარში ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე წლის მეორე ნახევარში“, - განაცხადა ხუციშვილმა.