მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ და ინფლაციამ საშუალება მოგვცა 2023-ში დაბალანსებული ბიუჯეტი გვქონდეს“

633ec4d82ee76
თათია ჩაფიჩაძე
06.10.22 20:00
690
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს უფროსი ანალიტიკოსის ბესო ნამჩავაძის შეფასებით, 2023 წლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით დაბალანსებულია თუმცა მთავარი შენიშვნა 2.9%-მდე ბიუჯეტის დეფიციტს უკავშირდება. იგი ფიქრობს, რომ დეფიციტის შემცირება მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ფონზე შესაძლებელი იყო.

რაც შეეხება 2023 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულებისათვის ხელფასების ზრდას, ნამჩავაძე BMG-თან აცხადებს, რომ არსებული ინფლაციის ფონზე ხელფასების მატება აუცილებელი იყო.

„ხელფასები იზრდება ყველგან 10%-დან 20%-მდე და ამით ინფლაციაზე დაწევა ხდება. უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ ადამიანებს იმ თანხით რაც აქამდე ჰქონდათ, წელს იცით რომ ინფლაცია 10%-ზე მეტია და ამ რეალობაში 2023 წლის იანვრიდან იგივე ხელფასი, რომ არ ჰქონდეთ ადამიანებს ამისთვის გახდა საჭირო. რეალურად ამ ხალხს ხელფასები არ ეზრდება, უბრალოდ ინფლაცია ეწევა. თან ბოლო წლებში ისეთი სურათია, რომ კერძო სექტორში ხელფასი უფრო მაღალია და ამის გამო სახელმწიფო უწყებებიდან კადრების გადინებაც ხდება.

რაც შეეხება პროგრამებს, განათლებაში უმეტესად ზრდა მასწავლებლებისთვის 100 ლარით გაზრდილ ხელფასზე და სკოლების რეაბილიტაციაზე მოდის, რაც შინაარსობრივად არაფერს შეცვლის. განათლებაში მთავარი პრობლემა უხარისხობაა, სკოლების 90%-ში დაბალი დონის განათლება ეძლევათ მოსწავლეებს და ეს დარჩება ისე როგორც იყო.

ჯანდაცვის პროგრამებს, რაც შეეხება, დიდი ეკონომია კეთდება კოვიდზე გამოყოფილი თანხებით, წლევანდელ ბიუჯეტში არის 500 მლნ ლარი, მომავალ წელს 100 მლნ არც კი, ამ ეკონომიამ სამინისტროს მისცა საშუალება სხვა პროგრამებში გაეზარდა დაფინანსება. თუმცა საყოველთაო პროგრამაში ანაზღაურებები და მოთხოვნები ისევ რთული საკითხია, წელს 820 მლნ-ია და შეიძლება არ ეყოს, თუ ვერ შეაკავებენ ამ ხარჯების ზრდას, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო, გაისადაც არ იქნება საკმარისი პირველადი ბიუჯეტი. მზარდია ხარჯები ჯანდაცვაში, რაც ფასების ზრდით გამომდინარეობს.

მთელი ამ მიდგომის ეფექტიანობა უნდა იზრდებოდეს, არ შეიძლება უფრო მეტ ადამიანს უკეთესად ვერ უმკურნალო, არ შეიძლება განათლებაში ისე გაიზარდოს ხარჯი და უკეთესად ვერ ასწავლო. პოლიციელებს უნდა გეზარდოთ ხელფასი იმიტომ, რომ დაბალია, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს მეტი წესრიგის დაცვა, კრიმინალის შემცირება, ეს აკლია ბიუჯეტს ამას ჰქვია პროგრამული ბიუჯეტი, რაც 10 წელია გვაქვს. 

მნიშვნელოვანია, რომ ფულთან ერთად შევხედოთ შედეგს, საქართველოში დღემდე საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, რომ სახელმწიფო უწყებების საქმიანობა ფასდება იმის მიხედვით აითვისა თუ არა გეგმა სრულად, თუ 100%-ით ასრულებს ე.ი. კარგია, ამ დროს ეს არაფერ შუაშია, რაღაცის მიღწევა უნდა იყოს მიზანი და არა მხოლოდ ფულის ხარჯვა. ეს მიზნები სადღაც ფორმალურად წერია მაგრამ არავინ უყურებს.

ბიუჯეტის პარამეტრები იმის ფონზე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ინფლაციაა, ამან მისცა საშუალება, რომ მიმდინარე თუ გასულ წლებთან შედარებით უფრო დაბალანსებული იყოს. 2.9%-მდეა ბიუჯეტის დეფიციტი ეკონომიკის მიმართ, მაგრამ ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად უნდა შეემცირებინათ. გასაგებია, რომ კანონით არის დაშვებული 3%, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. რაც უფრო ვუახლოვდებით ზღვარს მითუფრო ცუდია, რაც უფრო დაშორდები უკეთესი, ამიტომაა რესურსი, რომ ეს დეფიციტი უფრო ნაკლები იყოს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ 8.5%, რეალურად კი ალბათ 9%-ზე მეტი იქნება რეალური ზრდა წელს და ეს უნდა მოხმარდეს დეფიციტის ზრდას მითუმეტეს, რომ 3 მლრდ-მდე ახალ ვალს ვიღებთ და ამ ფონზე 2.9% არ არის დაბალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფასების, ისევ ვალუტის სტაბილურობისთვის, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებისთვის რომ მაკროეკონომიკურად უფრო დაბალანსებული იყოს ბიუჯეტი,“ - განაცხადა „საქმიანი დილას“ ეთერში ნაჩავაძემ.

რაც შეეხება მომავალ წელს ჩადებულ ეკონომიკურ ზრდას, ეკონომისტი აცხადებს, რომ 5.1%-იანი ზრდა მეტ-ნაკლებად რეალისტურია, თუმცა ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„თითქმის ნახევარია წლევანდელთან შედარებით და ვფიქრობ რეალისტურია, თუმცა პროგნოზის გაკეთება რთულია. წელს მაღალი ზრდა განპირობებულია რუსი ემიგრანტებით, მილიარდობით დოლარი შემოიტანეს, არ ვიცით როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, დარჩება ეს ხალხი, კიდევ დაემატებიან, თუ წავლენ. ეს დამოკიდებულია ომის დამთავრებაზე, მათ დაბრუნებაზე. რუსეთის ეკონომიკა სავარაუდოდ ისევ კრიზისში დარჩება და სავარაუდოდ შემცირდება ვაჭრობა და რადიკალურ სცენარში გაგვიჭირდება 5 %-ის მიღწევაც, თუმცა ეს ახლა არავინ ვიცით,“ - განაცხადა ნამჩავაძემ.

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტს 3 ოქტომბერს წარუდგინეს.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლიდან იზრდება პენსიები, პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები. ასევე იზრდება განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც. მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით იზრდება სამინისტროების, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების, დაფინანსებაც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში და აღნიშნული მაჩვენებელი შენარჩუნებულია საშუალო ვადიანი პერიოდის განმავლობაში.