მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგთი" და "სილქნეტი" წლის ბოლომდე ტარიფებს ვეღარ გაზრდიან - კომისიამ კვლევა დაასრულა

5ce4246a9efa8
თამუნა ქემერტელიძე
21.05.19 21:20
1868
„მაგთი“ და „სილქნეტი“ წლის ბოლომდე ტარიფებს ვეღარ გაზრდიან.

როგორც კომინუკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა.

“კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა”, - აცხადებენ კომისიაში.

ამასთან, როგორც კომისიაში განმარტავენ, საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა.

„სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან. ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად“, - აცხადებენ კომისიაში.