მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მაგთის” მფლობელები საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში $154 მილიონს ედავებიან

629a17c1b3a66
თელარა გელანტია, შოთა ტყეშელაშვილი
03.06.22 18:08
9568
“მაგთის” მფლობელი ამერიკული კომპანიები Telcell Wireless LLC და International Telcell Cellular-ი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივიან. BMG-ის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში დაწყებული საინვესტიციო დავების შესახებ იუსტიციის სამინისტროსგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ინვესტორებს დავაში კომპენსაციის სახით მოთხოვნილი თანხა $154 მილიონი დოლარი ანუ 462 მილიონი ლარია.

დავა 2020 წლიდან მიმდინარეობს და მას მსოფლიო ბანკთან არსებული საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრი (ICSID) განიხილავს.

BMG-ის მიერ გაგზავნილი კითხვის პასუხად თუ რას უკავშირდება თავად დავა, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ დავის შესახებ დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ. ამასთანავე, საკითხის შესახებ განმარტებას არ აკეთებს კომპანია “მაგთი” სადაც გვითხრეს, რომ ისინი უშუალოდ დავის მხარეს არ წარმოადგენენ, შესაბამისად, მის შესახებ ვერ ისაუბრებენ.

დავის შინაარსთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არც ICSID-ში დანიშნული არბიტრები აკეთებენ, რომელთაც ასევე კითხვით მივმართეთ.

ცნობილია ის, რომ აღნიშნულ დავაში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა AARPI Gaillard Banifatemi Shelbaya იცავს. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიხედვით, სახელმწიფოს ამ დავაში აღნიშნული იურისტების დაქირავება უკვე 8,917,450 ლარი დაუჯდა. მოსარჩელეთა ინტერესებს კომპანია Covington & Burling-ი წარმოადგენს.

თავად “მაგთი” საქართველოს კომუნიკაციების სექტორის #1 მოთამაშეა, ის როგორც ფიქსირებული ინტერნეტის, ასევე მობილური კავშირგაბმულობის ბაზრებზე წამყვან პოზიციებს იკავებს. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს კომპანიის შემოსავალი 462 მილიონი ლარი იყო, ხოლო მისმა წმინდა მოგებამ 185.8 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 1.11 მილიარდ ლარს შეადგენს.



ვის ეკუთვნის მაგთი?

კომპანია “მაგთის” მფლობელების შესახებ ინფორმაცია სრულად არის გამოქვეყნებული საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე.

“მაგთის” უშუალო მფლობელები არიან დევავერის შტატში რეგისტრირებული კომპანიები International Telcell Cellular-ი და Telcell Wireless-ი. მათგან პირველს “მაგთის” 51%-იანი წილი ეკუთვნის, მეორეს კი 49%-იანი. იმის გამო, რომ “მაგთის” მესაკუთრე ფირმები აშშ-ში არიან რეგისტრირებულები, მათ ინვესტორთა დაცვის შესახებ აშშ-საქართველოს ორმხრივი შეთანხმების დარღვევისთვის შეუძლიათ დავა. სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ინვესტორთა უფლებების დარღვევაზე ჩივიან “მაგთის” მფლობელი ფირმები.

თუმცა აშშ-ში რეგისტრირებული კომპანიები International Telcell Cellular-ი და Telcell Wireless-ი “მაგთის” საბოლოო მფლობელები არ არიან. კომუნიკაციების კანონმდებლობის თანახმად, ყველა ოპერატორს საკუთარი ბენეფიციარი მესაკუთრის გასაჯაროება და კომისიისთვის წარდგენა ევალება. კომისიის ვებგვერდის თანახმად, ამჟამად, “მაგთის” 75%-იანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრეა ბიზნესმენი გიორგი ჯოხთაბერიძე, რომელიც “მაგთის” დამფუძნებელია.

კომუნიკაციის კომისიის მონაცემებით, “მაგთის” აქციონერების სტრუქტურა ასე ნაწილდება:

● გიორგი ჯოხთაბერიძე - 75%;
● ედვარდ სპენსერ ჩერჩილი - 15%;
● ბენჟამინ ალბერტ მანზონი - 1.4%;
● იგორ ალექსეევი - 0.7%;
● ირაკლი ოთარ რუხაძე და ნატალია რუხაძე - 3%;
● ნათელა სახოკია - 3%;
● ვლადისლავ ალექსეევი - 1.2%;
● ვიქტორია ალექსეევა (კორჟილოვა) - 0.7%.