მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძე - მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემს

5e2986117164f
ინგა მურუსიძე
23.01.20 16:00
942
თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემს. 

ბითაძე გამოეხმაურა სასტუმროს ინვესტორის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კომპანია მშენებლობის პროცესს უბრუნდება.

„ნებისმიერი პარკი არის RZ2(რეკრეაციული ზონა 2), სასტუმრო „ბუდაპეშტის“ შემთხვევაში RZ2-ში სპეციალური ნებართვით დასაშვებია სასტუმროს შენებლობა. ზუსტად ამაში იყო პრობლემა, რომ ვაკის პარკის მიმდებარე ტერტორიაზე, რომელიც მის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ არის, თუმცა მას ემიჯნება, გაცემული იყო სპეციალური ზონალური შეთანხმება, სასტუმროს მშენებლობაზე. ანუ RZ2-ში დასაშვები სამშენებლო ობიექტები - ატრაქციონები, მცირე კვების ობიექტები, ამფითეატრი, გზები, სარწყავი - საპარკე ინფრასტრუქტურა - ეს არის დაშვებული, მაგრამ საგამონაკლისო წესით შესაძლოა ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელოს იქ ინდივიდუალური სახლის მშენებლობის, ან სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სწორედ ეს მუხლი იქნა გამოყენებული თავის დროზე, როცა სპეციალური ზონალური ნებართვა გაიცა სასტუმროს მშენებლობის უფლებაზე, მერე გაიცა მშენებლობის ნებართვა, ამ ნებართვას ვადა გაუვიდა“, - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესის შედეგად ინვესტორმა შეინარჩუნა მხოლოდ სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომ შეიძლება სასტუმროს აშენება, მაგრამ როგორია ეს სასტუმრო, რანაირია, ამის თაობაზე სხვა ადმინისტრაციული წარმოებაა საჭირო.

„თუ მშენებლობის ნებართვა არ გაქვს, ვერაფერს ააშენებ და მშენებლობის ნებართვის გასაცემად პროცედურებია გასავლელი. თბილისის მერია კი მშენებლობის ნებართვას არ გასცემს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნებართვა სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე 2013 წელს გაიცა. მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” გაასაჩივრა, თუმცა, საბოლოოდ, 2018 წელს კომპანიამ სასამართლო მოიგო. მას შემდეგ, მერიასთან შეთანხმების საფუძველზე, სასტუმროს მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

ცნობისთვის, სასტუმრო “ბუდაპეშტის” მთლიანი ღირებულება 22 მლნ დოლარია. 5 მლნ დოლარი პროექტში უკვე ჩადებულია.