02.მარტი .2021 21:45

მაია ბითაძე ბიზნესს პასუხობს - ახალი რეგულაცია დამტკიცდა

მაია ბითაძე ბიზნესს პასუხობს - ახალი რეგულაცია დამტკიცდა
views 3653
უკან

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის” შესახებ, რომელიც საქართველოში მოქმედ საწარმოებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. ცვლილებები სულ საქართველოს 7 კანონში შევიდა, მათ შორის “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მდებარე მსხვილ საწარმოებს ჰაერის მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მოუწევთ.

ახალი რეგულაციების შესრულება სავალდებულო უკვე პირველი ივნისიდანაა, ჰაერის დაბინძურების გაკონტროლების ვალდებულება კი სულ 85 საწარმოს ეხება.

ახალი დანადგარები გააკონტროლებენ, რამდენად ბინძურდება ჰაერი კონკრეტული კომპანიის მხრიდან და ხომ არ აჭარბებს დაბინძურების ხარისხი დაწესებულ ნორმებს. საუბარია, ისეთ ნივთიერებებზე, როგორებიცაა ტყვია, გოგირდი, მტვრის ნაწილაკები და ა.შ.

ვალდებულებების დაკმაყოფილებისთვის ბიზნესს სერიოზული ფინანსური ხარჯის გაწევა მოუწევს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა თითოეულ მავნე ნივთიერებაზე - და ასეთი სულ 6-ია - საშუალოდ 10-15 ათასი ევრო ღირს. ბიზნესი აცხადებს, რომ თითოეული გაფრქვევის წერტილისთვის თითო დანადგარია საჭირო, რაც მთლიანობაში სერიოზულ დანახარჯებს ნიშნავს.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძისთვის ბიზნესის წუხილი ხარჯებთან დაკავშირებით მიუღებელია.

“აქ საუბარია ისეთ წარმოებებზე, რომლებიც ძირითადად აწარმოებენ სამშენებლო სექტორისთვის აუცილებელ ნედლეულს და პროდუქტებს, ეს არის ცემენტი, ლითონი და ა.შ. რა თქმა უნდა, პანდემიამ დიდი გავლენა იქონია ბიზნესზე, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ყველაზე ნაკლები ზეგავლენა იქონია იმ ბიზნესზე, რომლებიც აწარმოებენ სამშენებლო სექტორისთვის აუცილებელ პროდუქტებს. უფრო მეტიც, გასული წლის განმავლობაში ხელისუფლების სუბსიდირების პროგრამის შედეგად, არათუ შემცირდა, არამედ გაიზრადა გაყიდვები, შესაბამისად, არცერთი დღით მშენებლობა არ შეჩერებულა, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ერთი დღით არ შეჩერებულა კერძო სამშენებლო საქმიანობა. ასე რომ პანდემიასთან ამ ყველაფრის მიბმა არარელევანტურია.

უფრო მეტიც, ძალიან რთული იქნება იმის შედარება, რა უფრო მძიმეა - ადამიანის ფილტვები აივსოს მავნე ნივთიერებებით, თუ დავზოგოთ თანხები და ვიყოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეზე”,- აცხადებს მაია ბითაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა