მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძე მიკროავტობუსების კომპანიებს მოუწოდებს გააკონტროლონ რეგულაციების შესრულება

5f590ee74fcf9
ანუკა ჯოხაძე
09.09.20 23:40
857
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მიკროავტობუსების კომპანიის მფლობელებს, მკაცრად გააკონტროლონ მძღოლების მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესრულების პირობები”, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც ბითაძე ამბობს, მიკროავტობუსების კომპანია ვალდებულია, სატრანსპორტო საშუალებებში სოციალური დისტანცირება გააკონტროლოს და დარღვევის შემთხვევაში, ბითაძე მგზავრებს მოუწოდებს, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ და დაუკავშირდნენ როგორც მუნიციპალიტეტს, ისე სამარშრუტო ტაქსების კომპანიას.

“სამარშრუტო ტაქსების კომპანია არის შესაბამისი ავტორიზაციის მქონე და მათ ევალებათ დაიცვან არა მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული პირობები, არამედ ევალებათ დაიცვან ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების კუთხით და ასევე განსაკუთრებული მოთხოვნები სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით, რომელიც მოქმედებს პანდემიის პირობებში.

ამ პლატფორმიდანაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამარშუტო კომპანიის მფლობელებს, რომ მკაცრად გააკონტროლონ მძღოლების მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესრულების პირობები და ასევე მოვუწოდებ მგზავრებს, რომ ასეთი შემთხვევების არსებობის დროს აუცილებლად აცნობონ როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე დარეკონ სამარშრუტო კომპანიის ცხელ ხაზზე. დღეს ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი კომუნიკაცია კომპანიასთან, რომ დარღვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს. ავტობუსებს ვაკონტროლებთ ჩვენ და იმ ახალი რეკომენდაციების გათვლისწინებით, რომელიც უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა პანდემიასთან დაკავშირებით, კონტროლი გამკაცრდება”, - ამბობს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.