06.სექტემბერი .2019 21:37

მაია ცქიტიშვილი - ჩემი ღიმილი გამოიწვია ოპოზიციის ქმედებამ

views 240
უკან

ჩემი ღიმილი გამოიწვია არა 20 ივნისის ღამის კადრებმა, რომელიც უმძიმესი სანახავია, არამედ ოპოზიციის ქმედებამ, რომელიც ძალიან სასაცილოდ გამოიყურება.

ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც პოლემიკის რესურსიც არ დარჩა, შეკითხვების ნაცვლად აჩვენა მუსიკალური კლიპი, რაც სპექტაკლის, იმ კლოუნადის ნაწილია, რომელიც ჯერ ნაციონალურმა მოძრაობამ დადგა და შემდეგ უკვე ევროპულმა საქართველომ, - ასე განმარტა დღის ბოლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა საკუთარი რეაქცია, რასაც ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზე, სადაც დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის უნდა მოესმინათ, 20 ივნისის დარბევის შემდეგ შექმნილი Moku T-ს საპრტოტესტო სიმღერა ჩართეს.

„ეს არის მათი ხელწერა, მოდელირებული რეალობის და იმ ვირტუალური საქართველოს შექმნა, რომელშიც ისინი ჯერ ჩვენ გვაცხოვრებდნენ ბევრი წლის განმავლობაში და შემდეგ უკვე - თავის ამომრჩეველს. ნადვილად მეცინება და გამეცინება იმაზე, თუ რამდენად უსუსურია ეს ოპოზიცია და რა უნიჭო სპექტაკლებს დგამენ.


მეცინება, როდესაც სალომე სამადაშვილი ეროვნული მთავრობის დაბრუნებაზე საუბრობს და როდესაც ასეთივე ადამიანებისგან ვისმენთ გულმხურვალე შეშფოთებას, თავად კი ამდენი წლის განმავლობაში, მხოლოდ ძალადობითა და უზურპირებით მართავდნენ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისგან ასეთი ტიპის ქმედება არის ზუსტად მათი ხელწერისა და სახის დემონსტრირება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან კონსტრუქციული დიალოგის სურვილი გამოთქვა და მოუწოდა, რომ არ მისცენ საშუალება არაკეთილსინდისიერ პოლიტიკურ ძალებს მომავალშიც გამოიყენონ მათი გულწრფელი პროტესტი.

ჟურნალისტების დაინტერესების პასუხად, მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საკითხის ინტერპრეტირება არის ძალიან დასანანი, მისი ღიმილი კი ეხებოდა არა ეკრანზე გასულ კადრებს, არამედ ოპოზიციის ქმედებასა და უნიჭო წარმოდგენას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა