23.მარტი .2020 12:35

მაია ცქიტიშვილი - ეს არ არის დაავადება, რომელსაც მხოლოდ მთავრობა ან ადგილობრივი ხელისუფლება მოერევა

უკან

ყველას გვაქვს იმედი რომ მალე დასრულდება საკარანტინო შეზღუდვები ორ მუნიციპალიტეტში, თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენი მოქალაქეები ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, რამდენად დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საკუთარი ჯანმრთელობის და კონტაქტების შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად ზედმიწევნით დაემორჩილებიან სამთავრობო სტრუქტურების და სპეციალისტების მითითებებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამოცხადებულ საკარანტინო რეჟიმზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ არის დაავადება, რომელსაც მხოლოდ მთავრობა ან ადგილობრივი ხელისუფლება მოერევა, პანდემიასთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ მოქალაქეების აქტიური ჩართულობით, თანამშრომლობით და მათი მხრიდან ყველა იმ შეზღუდვის დაცვით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. პირველ რიგში, აუცილებელი სოციალური დისტანციის და ელემენტარული ჰიგიენის პირობების დაცვა. ამასთან, მოვუწოდებ ამ ორი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად მოერიდონ ზედმეტ კონტაქტებს,” - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია პრობლემის მასშტაბების გაცნობიერება და ყველა რეკომენდაციის შესრულება.

„პრობლემაა ის, რომ თითქოს საფრთხეს ვერ ვხედავთ და რასთან გვაქვს საქმე, ვერ ვაფასებთ სწორად. ამის მაგალითია ის, რომ შეკრებებთან დაკავშირებით მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ერთ-ერთ ოჯახში შედგა წლისთავი და ეს თავყრილობა გახდა ინფექციის გავრცელების მიზეზი. მთელი ქვეყნის მოსახლეობას ვთხოვ დიდი ყურადღებით მოეკიდოს რეკომენდაციებს და იზრუნოს იმ წესების შესრულებაზე, რომელსაც არაერთხელ აღვნიშნავთ და ვუთითებთ,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.