27.თებერვალი .2020 00:41

მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურული პროექტებს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი

views 176
უკან

ინფრასტრუქტურული პროექტები არამხოლოდ დასაქმებას და ქართული კომპანიების ზრდას უწყობს ხელს, არამედ მომიჯნავე ინდუსტრიის განვითარებას. ეს არის ის არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი, რომელიც აჩვენებს ბმას ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებას შორის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.

„როდესაც ინკლუზიურობაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს იმას რამდენად სარგებლობს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე იმ სიკეთით, რასაც ინფრასტრუქტურის განვითარება ქვია. რამდენიმე მიმართულებიდან ერთია ტურიზმის სფერო და ამ შემთხვევაში, სხვადასხვა პროექტით რეგიონის განვითარებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა. როდესაც კაპიტალურ დანახარჯებზე ვსაუბრობთ, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით სტაბილური ზრდა გვაქვს და გასულ წელს, 2018 წელთან შედარებით, 20%-ით მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ.

წელსაც ვიმედოვნებთ, რომ დაგეგმილზე უკეთესი სურათი გვექნება. ეს ნიშნავს, რომ ამ სამუშაოების შესრულებაში ჩართულია სულ უფრო მეტი კომპანია და მათი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ამ ინვესტიციებზე. მაგალითად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტებში დასაქმებული ადამიანების როცხვი ათი ათასს აღწევს. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვა პროექტებში დამატებით კიდევ 30 ათასი ადამიანი დასაქმდა. ეს ნიშნავს, რომ მთლიანობაში, იმ პროექტებით, რომელიც ბიუჯეტის ან საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ფინანსდება, ერთი წლის განმავლობაში, 40 ათასი ადამიანის შემოსავალს უზრუნველვყოფთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული კომპანიების ფინანსური ბრუნვის ზრდაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ ისეთ პროექტებში ჩაერთონ, რასაც აქამდე, ძირითადად, საერთაშორისო კომპანიები ასრულებდნენ.

„ქართული ბიზნესი იზრდება და ეძლევა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, ვითარდება მომიჯნავე სფეროებიც. გვაქვს შემთხვევა, როცა ერთ-ერთ ქართულ კომპანიას, ჩინურმა კომპანიამ, დაუკვეთა დიდი რაოდენობით, 18 ათასი ტონა, მეტალის კონსტრუქციები. ამგვარად, შეიქმნა ქართული წარმოების გაფართოების შესაძლებლობა, რასაც ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ საშუალებითაც შევუწყვეთ ხელი და განვითარდა მომიჯნავე ბიზნესი,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა