მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტს კიდევ ერთი პერფორმანსი არ სჭირდება

5daed7bb7621a
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.19 14:20
775
“ანაკლიის განვითარების პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში შეხვედრა და ღია განხილვის მოწყობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის", - აცხადებს ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები - ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი ანაკლიის საკითხზე პარლამენტში შეხვედრას და საკითხზე დისკუსიის გამართვას სთავაზობენ. დეპუტატებმა მაია ცქიტიშვილისა და ანაკლიის კონსორციუმის სახელზე შესაბამისი განცხადებები უკვე გააგზავნეს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კი, თავის მხრივ პარლამენტის წინაშე წარდგომისთვის მზად არის. კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახლედიანმა იგივეს გაკეთებისკენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებსაც მოუწოდა.

“პარლამენტს რაც შეეხება, ჩვენ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ჩვენი ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ, მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე. ჯერ არ ვიცით პასუხი, თუმცა რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ეს ერთობლივად მოხდეს, ჩვენი და სამინისტროს მიერ, რადგან ეს უფრო საქმიან ფორმატს შესძენს ამას. ამაზე მეტს, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით,”- ამბობს ლევან ახვლედიანი.

აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტის მნიშვნელობის შესახებ თბილისში ჩამოსულ მაღალი რანგის პირებს მიაწვდიან ინფორმაციას.

“ვაპირებთ შეხვედრას სხვა და სხვა სტუმრებთან, ვაპირებთ გაცნობას ჩვენი გეგმების, ვაპირებთ მათთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ასევე ვაპირებთ საქმიან შეხვედრებს. მე ვთქვი ჩემ ბოლო განცხადებაში, რომ არის პრობლემები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ. მარტო კონსორციუმი ამას ვერ გააკეთებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა რომ გადავიდეთ ამ სამუშაო რეჟიმში, ამისთვის ხორციელდება კონკრეტული ნაბიჯები, რომელთაც გაგაცნობთ უახლოეს მომავალში. მიმდინარეობს მიმოწერა და ინფორმაციის გაცვლა საქართველოს მთავრობასთან,”- ამბობს ახვლედიანი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანია - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ის შვილობილი კომპანია Van Oord International-ი შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მფლობელი Anaklia Holding JSC-ს აქციების 4.16%-იან წილს შეიძენს.