მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: არ გვაქვს ფუფუნება, მსუბუქ კოვიდ-პაციენტებს საავადმყოფოში ვუმკურნალოთ

5fa3db38bab5c
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.20 15:05
854
საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის კოვიდ-ინფიცირებულები, რომელთა მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, საავადმყოფოებში არ უნდა განთავსდნენ, რადგან ეს სისტემის გადატვირთვას გამოიწვევს.

„მნიშვნელოვანია, რომ საავადმყოფოში მოხვდნენ მხოლოდ ის ადამიანები,  ვისაც ესაჭიროება საავადმყოფოში მკურნალობა, ვინც არიან ჟანგბადდამოკიდებულები, ვისაც აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები და ამ დაავადებების ფონზე აქვთ კოვიდის გართულება. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დავუშვათ... ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჯანმრთელი ადამიანები, ვისაც არ აქვს სიმპტომი, ვისაც არ აქვს სიცხე და მძიმე მდგომარეობა, რომელსაც 24 საათიან რეჟიმში სჭირდება საავადმყოფოში ექიმის მეთვალყურეობა, ასეთი პაციენტები მოხვდნენ საავადმყოფოებში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კითხვას - ინფიცირებულთა რა მაქსიმალურ რაოდენობაზე დაწესდება მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში, ვიცე-პრემიერმა ასე უპასუხა:

„ასეთი მაქსიმალური რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქნება დატვირთული ჩვენი საწოლფონდი. ჩვენ არ მივდევთ ყველაფრის გაჩერების სტრატეგიას, არამედ ვიმყოფებით ადაპტაციის და ვირუსის მართვის სტრატეგიაზე, მაგრამ ეს არის დამოკიდებული იმ დატვირთვაზე, რა დატვირთვითაც იმუშავებს ჩვენი ჯანდაცვის სექტორი“.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ბევრი პაციენტი, რომელსაც ვირუსი მსუბუქად აქვს გამოვლენილი, საავადმყოფოებში იმყოფება, მან თქვა, რომ ამ პროცესში მოქალაქეთა პასუხისმგებლობაც მნიშვნელოვანია.

„ბევრად უფრო მეტი ადამიანი შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას და მათთვის უნდა გვქონდეს საწოლფონდი. ეს დამოკიდებულია მოქალაქეებზეც და ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო მეტ ინფიცირებულზე ნაკლები შეზღუდვების დაწესების საშუალება გვექნება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.