06.იანვარი .2020 20:37

მაია ცქიტიშვილი ბაკურიანის და გუდაურის დამსვენებლებს ბოდიშს უხდის

views 965
უკან

ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ მაცხოვრებელს და სტუმარს, როგორც გუდაურში ასევე ბაკურიანში, ვისაც შეექმნა წყალმომარაგების პრობლემა, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა „რედკოს“ კომპლექსში მყოფებს, ხოლო ბაკურიანში დაახლოებით 20 სასტუმროს.

„როგორც იცით ეს პრობლემა გუდაურში „რედკოს“ კომპლექსის მოსახლეობას შეექმნა. იქ მაცხოვრებლებს და დამსვენებლებს, მთლიანად დანარჩენ გუდაურში ჩვენ გვაქვს წყალმომარაგება და ყველა იმ დამსვენებელს, რომელიც სხვა სასტუმროებში ისვენებს, წყალთან დაკავშირებით შეფერხება არ ჰქონია. ანალოგიური ვითარება გვაქვს ბაკურიანში, სადაც მხოლოდ ორი ქუჩის დამსვენებელებს შეექმნა პრობლემა, ეს არის დაახლოებით 20 სასტუმრო, ძირითადად არიან „მგზავრები“ და „პანორამა“. ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, როგორც იცით, განუწყვეტლივ რეჟიმში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში მუშაობს წყალმომარაგების კომპანია იმისთვის, რომ ნებისმიერი შეფერხება, რომელიც წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ამ ორი უბნის დასახლებას შეექმნა, ყოფილიყო აღმოფხვრილი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულებისთანავე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები კვლავ ადგილზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რათა შესაძლო ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა