30.სექტემბერი .2019 19:20

მაია ცქიტიშვილი: ის მიზეზი, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ფრენები გააჩერა, ამოწურულია

views 248
უკან

"ბევრი წელი დავხარჯეთ, რომ კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობები აღგვედგინა და ახლა, რუსეთის მხრიდან დამაიმედებელი განცხადებების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რადგან ის მიზეზი, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ფრენები გააჩერა, ამოწურულია იმ თვალსაზრისით, რომ არც ერთი რუსი ტურისტის უსაფრთხოებას პრობლემა არ შექმნია", - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "დღის ქრონიკა" განაცხადა.

"ნებისმიერი ხელოვნური ბარიერი ქვეყნებს შორის ურთიერთობაში უნდა იყოს მოხსნილი. მთლიანობაში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების სტაბილიზება, ნორმალიზება და ისეთი ვითარების შექმნა, როცა შევძლებთ კონსტრუქციულ ჭრილში დიალოგის გაგრძელებას, რათა პირველი რიგში, ხელი შევუწყოთ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის, კეთილდღეობის ამაღლებას და ასევე დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ორ ქვეყანას შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

"პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს როლს და ფუნქციას, ჩვენი ამოცანაა ყველა იმ ფორმატის და შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც ურთიერთობის ნორმალიზების და თუნდაც ამ წლის 20 ივნისამდე არსებული რეალობის დაბრუნების საშუალებას მოგვცემს, როცა ავიამიმოსვლა გვქონდა, ვაჭრობას საფრთხე არ ემუქრებოდა, სანქციების თემა არ არსებობდა და ჩვენს ურთიერთობაში არსებული ყველა სირთულის გათვალისწინებით, იყო შედარებით ნორმალური ფონი და საუბრის შესაძლებლობა. აუცილებლად გავაგრძელებთ ყველა ფორმატის გამოყენებას და მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს ამ ურთიერთობის ხელშეწყობისთვის, ეს არაა მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება და უკვე ვნახეთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის პოზიტიური პოზიცია დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა