30.სექტემბერი .2019 16:23

მაია ცქიტიშვილი: მივესალმებით საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას

views 163
უკან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ ფოთში, აშშ-ის განვითარების კორპორაციის - OPIC-ის მხარდაჭერით, არა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის, არამედ მხოლოდ ერთი ტერმინალის გაფართოება იწყება.

"საზოგადოებას უკვე რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ინფორმაცია, რომ OPIC-მა გადაწყვიტა 50 მილიონი დოლარით ამ პროექტის მხარდაჭერა. როგორც ჩემთვის ცნობილია, 100 მილიონ დოლარზე ცოტა მეტია სრულად პროექტის ღირებულება და ამდენად, ის მასშტაბებში ვერანაირად ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ანალოგი, ეს არის მხოლოდ ერთი ტერმინალი, რომელიც ძირითადად მოემსახურება ნაყარ ტვირთებს.

პროექტის საფუძვლის ჩაყრა ხვალ იგეგმება და მეც ვგეგმავ დასწრებას. ჩვენ მივესალმებით იმ საპორტი და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დაფინანსება", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება უცვლელი რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით.

"ეს არის პრიორიტეტული პროექტი, რომელშიც მთავრობა დებს ინვესტიციას, მთლიანობაში ესაა 250 მილიონ დოლარზე მეტი, როგორც თანხობრივად, ასევე ახალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების სახით, აქვე შედის ჯამში 1000 ჰექტარი მიწის ნაკვეთების გადაცემა. ამას ემატება კონსტიტუციაში ჩვენი ხელისუფლების მიერ შეტანილი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს ღრმაწყლოვან ნავსადგურთან თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსებობას განსაკუთრებული საკანონმდებლო რეჟიმით. ამდენად, ეს არის ის უპრეცედენტო მხარდაჭერა", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა