15.ოქტომბერი .2019 22:52

მაია ცქიტიშვილი: "ოპტიმისტი თუ არ ხარ, საქართველოს მთავრობაში ვერ იმუშავებ"

views 411
უკან

"საქართველოს მთავრობაში ოპტიმისტი თუ არ ხარ, ვერ იმუშავებ", - ასე უპასუხა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემის - „პირისპირ“ წამყვანის კითხვას, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის მომავალს შეეხებოდა.

„ასეთი ტიპის პროექტებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმის გარკვეული ხარისხი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ამ პროექტის წარმატება შედგეს. სამწუხაროდ, რაც უფრო ვუახლოვდებით 2019 წლის ბოლოს და რაც უფრო ვაკვირდებით ასეთი ტიპის განცხადებებს, რაც დღეს მოვისმინე ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან, რა თქმა უნდა, პირადად ჩემი ოპტიმიზმი მცირდება, თუმცა დაველოდოთ წლის ბოლოს. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროექტს ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, ეს არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. იწ ირწმუნება, რომ ეს არის სახელმწიფო პროექტი და სახელმწიფო არის დაინტერესებული ამ პროექტის განხორციელებით. 

"რა თქმა უნდა, სახელმწიფო არის იმის გარანტი, რომ ეს პროექტი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად განხორციელდეს. ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში ამ კონკრეტულ ინვესტორსაც, მიუხედავად იმისა თუ რას ამბობს და როგორ იქცევა იგი; ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო მაღალი დონის პასუხისმგებლობა, ვიდრე აქვს კერძო ინვესტორს და რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ ამ მხარდაჭერას მთელი ამ ხნის განმავლობაში საქმით და გავაგრძელებთ მხარდაჭერას ხელშეკრულების ვადის დადგომამდე. ვნახოთ, რა იქნება 2019 წლის ბოლოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს, 15 ოქტომბერს, დღის ბოლოს ამოეწურა, თუმცა, ცოტა ხნის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად ვადის ამოწურვისა, მთავრობა არ აპირებს ხელშეკრულების გაწყვეტას და ვადას კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე აძლევს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა