16.ოქტომბერი .2019 12:53

მაია ცქიტიშვილი: სიცრუეა, თითქოს ამერიკელი ინვესტორის სასარგებლოდ ყაზახი ინვესტორი გავაგდე

views 288
უკან

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უარყოფს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს სახელმწიფომ Meridian Capital Limited-ს მათი აზიური წარმოშობის გამო ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე უარი უთხრა არის სიცრუე. 

"ბრალდებები, თითქოს ამერიკული ინვესტორის სასარგებლოდ გავაგდე ყაზახი ინვესტორი ოთახიდან არის სიცრუე", - ამბობს ცქიტიშვილი.

ამასთანავე, მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლის განცხადებები, იმის თაობაზე, რომ ქართული სახელმწიფო პორტის პროექტში ამერიკული ინვესტორის მონაწილეობას არ მიესალმება, ასევე სიცრუეს წარმოადგენს. 

"როდესაც ჩვენ გვესმის პირადად ჩემს მიმართ კონსორციუმის მხრიდანაც ბრალდებები, რომ ამერიკული ინვესტორის სასარგებლოდ თითქოს გავაგდე ყაზახი ინვესტორი ოთახიდან... ამავდროულად, უშუალოდ კონსორციუმის დამფუძნებლისგან, მისი ერთ-ერთი დამფუძნებლისგან მივიღეთ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა, ამერიკელები ვიხილოთ შავ ზღვაზე, არათავსებადია და უბრალოდ ერთ ხაზზე უნდა შეთანხმდნენ. რა თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს, ეს არის გრძელვადიანი ინსტორიული ურთიერთობა ჩვენ ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, როგორიც არის ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ამერიკელი ინვესტორები მისასალმებელია. მე გუშინაც ვთქვი, რომ კონსორციუმს სამინისტროში წარმოდგენილი ჰყავს ორი ინვესტორი, ეს არის Van Oord-ი, ჰოლანდიური კომპანია, რომელთანაც არის შედარებით მცირე თანხაზე საუბარი და მცირე ინვესტიციაზე და მეორე ინვესტორი არის Meridian Capital Limited-ი, რომელიც როგორც უკვე ყველამ იცის, არის ყაზახურ-ჰონგკონგური წარმოშობის. [ფაქტი, რაზეც ლევან ახვლედიანი საუბრობს] ასეთი შემთხვევა არ ყოფილა", - ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი. 

გუშინ, 15 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა და ბორდის წევრებმა  საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ Meridian Capital Limited-ის წარმომადგენლები მთავრობამ მათი წარმოშობის გამო პროექტში მონაწილეობაზე უარი უთხრა. 

"ყაზახურ-ჰონგკონგურ ჯგუფს, მთავრობამ გაცნობისას, პირველ შეხვედრაზე პრაქტიკულად პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რომ ისინი არ იყვნენ დასავლელი, ამერიკული წარმოშობის ინვესტორები. ამან საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია ჩვენშიც და ამ ინვესტორშიც. ირონიულია ის, რომ ეს ინვესტორები ითხოვდნენ ღია მხარდაჭერას მთავრობისგან ამ პროექტში, რათა  მიეღოთ მონაწილეობა. ამის მაგივრად ყაზახურ ფონდს ეთქვა, რომ ისინი რადგან არ იყვნენ ამერიკელები, არ მიესალმებოდა მთავრობა მათ მონაწილეობას,"-  განაცხადა ლევან ახვლედიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მთავრობისთვის შუალედური ვალდებულების შესრულების ვადა 15 ოქტომბეტრს ამოეწურა. კონსორციუმმა მთავრობას ADB-ის, EBRD-ის, OPIC-ისა და EIB-ის წინასწარი თანხმობა ჯამში $400 მილიონიანი სესხის გამოყოფის შესახებ ვერ წარუდგინა. ამასთანავე, კონსორციუმმა ვერ წარადგინა მინიმუმ $120 მილიონიანი კაპიტალის მოთხოვნა, რაც ასევე შუალედურ მოთხოვნას წარმოადგენდა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა