მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილის მტკიცებით, ანაკლიის კონსორციუმმა 10 ოქტომბრის წერილით "თავი დაიზღვია"

5da6ddb3d57f2
თელარა გელანტია
16.10.19 13:05
886
„რა თქმა უნდა, თავი დაიზღვია და არა მარტო თავი დაიზღვია, არამედ სრულიად არაპარტნიორული დამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინა“, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ 10 ოქტომბერს სამინისტროში გაგზავნილი წერილის მიზნობრიობას შეეხებოდა.

შეგახსენებთ, რა წერია წერილში, ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რადგან არც - კონსორციუმი და არც სამინისტრო მის შინაარსზე კონფიდენციალობის დაცვის მიზეზით არ საუბრობს, თუმცა bm.ge-ის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის წერილით კონსორციუმი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესიდან გამომდინარე, ფორს-მაჟორის დადგომაზე მიუთითებს და სახელმწიფოსგან პორტის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობასთან დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.

დღეს მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ წერილზე საუბარი მათ თავად ანაკლიის კონსორციუმმა აუკრძალა.

„გუშინ ჩვენ მივმართეთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რომ გაესაჯაროებინათ ეს წერილი. მე გუშინაც ვთქვი, რომ ჩვენ კონსორციუმმა აგვიკრძალა ამ წერილის არათუ შინაარსზე, წერილის მიღების ფაქტზეც კი საუბარი. გუშინ ასევე მოვისმინე ძალიან საინტერესო კომენტარები ბატონი ლევან ახვლედიანისგან, რომ თითქოს ის გადაამოწმებდა იურისტებთან, რამდენად აქვს ამ წერილის გასაჯაროების უფლება; მე გიდასტურებთ, მათ არათუ უფლება ჰქონდათ, არამედ თავად გადაწყვიტეს ამ წერილის კონფიდენციალურობით დაფარვა და ეს არის ერთადერთი შემთხვევა“, - აღნიშნა მინისტრმა.

Bm.ge-ის კითხვაზე - თავი დაიზღვია თუ არა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 10 ოქტომბერს სამინისტროში წერილის გაგზავნით, მაია ცქიტიშვილს შემდეგი პასუხი აქვს:

„რა თქმა უნდა, თავი დაიზღვია და არა მარტო თავი დაიზღვია, არამედ სრულიად არაპარტნიორული დამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინა. მას შემდეგ, რაც ისინი გასააჯაროებენ ამ წერილს და ცხადია, ეს წერილი ოდესმე გასაჯაროვდება, თქვენ დარწმუნდებით, რომ სამწუხაროდ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს არჩეული აქვს ტაქტიკა, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ამ წერილში არის მითითებული კონკრეტული ხედვა და გეგმა პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით; როცა თქვენ ამ წერილს გაეცნობით, თქვენ მიხვდებით ყველაფერს“, - განაცხადა მინისტრმა.