მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია სიდამონიძე მთავრობის ორ შეცდომას ასახელებს

5eff6b1d7f269
თელარა გელანტია
03.07.20 21:22
2454
"ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რეალისტური მოლოდინების შექმნა და სწორი ინფორმაცია, რათა დავგეგმოთ აქტივობები და გავაკეთოთ გარკვეული პროგნოზები“, - ამის შესახებ bm.ge-ის „პროთრეველ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა მაია სიდამონიძემ საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის 1 აგვისტომდე გადავადების კომენტირებისას განუცხადა.

„არასწორი მოლოდინის შექმნა იყო ერთ-ერთი პირველი შეცდომა მთავრობის წევრების მხრიდან. ისინი თვეების განმავლობაში აანონსებდნენ, რომ 1 ივლისიდან განახლდებოდა საერთაშორისო ტურისტების მიმოსვლა და თან ამას ისეთ პერიოდში ამბობდნენ, როცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ბევრად არასატაბილური გარემო იყო და არ ვიცოდით, რომელი ქვეყნები ხსნიდნენ საზღვრებს, რომელი ავიაკომპანიები განაახლებდნენ ფრენებს და ა.შ. ასეთი ტიპის არასწორმა მოლოდინებმა განაპირობა ის, რომ 1 ივლისისთვის ტურისტულმა ობიექტებმა წარმატებით გაიარეს ინსპექტირება, მოახდინეს ადამიანური რესურსების მობილიზაცია, დახარჯეს ფული, გააკეთეს რეინვესტიცია და დაახლოებით, პირველ ივლისს ვიგებთ, რომ საზღვრები არ იხსნება - ეს ვფიქრობ, მეორე შეცდომაა, როცა საზღვრების გახსნის გადავადება გვიან ანონსდება, არადა შეიძლებოდა უფრო ადრე გაგვეგო ამის შესახებ. მესმის, რომ რაღაც მოლაპარაკებები ვერ შედგა, რისკები გაიზარდა, მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია“, - აცხადებს მაი სიდამონიძე.

მისივე თქმით, დღეს შექმნილი ვითარება იმაზე მეტყველებს, რომ პანდემიამდე არსებული ფორმით, ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტების მიმოსვლას, სავარაუდოდ, მომავალი წლის მაისამდე ვერ განვაახლებთ, რაც ინდუსტრიის შემოსავლებზე აისახება.

„სექტემბერში ფაქტის წინაშე დავდგებით, რომ ვერცერთი ტურისტული ბიზნესი ვერ გადაიხდის სესხს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ექნება გასაწევი სახელმწიფოს საბანკო სექტორთან ერთად, რომ გარკვეულწილად მოხდეს ამ სესხების რესტრუქტურიზაცია და 1 წლით გადავადება, თუნდაც იმ იმედით, რომ სახელმწიფო მოახდენს სესხის გარკვეული პროცენტის სუბსიდირებას მაინც. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენად აქვს სახელმწიფოს ამის რესურსი, მაგრამ ტურიზმის სექტორში მსგავსი მოლოდინები არის“, - აღნიშნა სიდამონიძემ და დასძინა, რომ ინდუსტრიას ახლა სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება, რათა გადარჩეს.

საბანკო სესხების მომსახურება რომ ყველაზე დიდი გამოწვევაა ტურიზმის ტურიზმის ინდუსტრიისთვის ამას Galt&Taggart-ის უახლესი ანგარიშიც აჩვენებს. საინვესტიციო ბანკმა 2020 წლის ივნისის პირველ კვირაში 150-მდე სასტუმროს ჰკითხა - რა ტიპის მხარდაჭერას ისურვებდნენ და 73%-მა მოითხოვა საკრედიტო შენატანების 2020 წლის ბოლომდე გადავადება, 66%-მა - სესხზე საპროცენტო შენატანების სუბსიდირება და თითქმის ამდენივემ საგადასახადო შეღავათები. კიდევ ერთ კითხვაზე - „შეგექმნებათ თუ არა პრობლემა ვალდებულებების ნაწილში“, ასევე, უმრავლესობამ - 73%-მა დადებითი პასუხი გასცა.