მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია სიდამონიძე „კომენდანტის საათის“ ტურისტებისთვის გაუქმების ინიციატივით გამოდის

602bfcda44ad0
თამთა ჯიჯავაძე
16.02.21 21:07
3305
მაია სიდამონიძე „კომენდანტის საათის“ ტურისტებისთვის გაუქმების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და „პრო-თრეველ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა bm.ge-ს განუცხადა.

როგორც სიდამონიძე ამბობს, აპრილის თვიდან ჯავშნებზე გაიზარდა ინტერესი, თუმცა, პოტენციური ტურისტები ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყანაში მოქმედ „კომენდანტის საათს“ ასახელებენ.

„სასტუმროები უკვე ვიღებთ შეტყობინებებს, გვეკონტაქტებიან პოტენციური ჩამომსვლელები. ერთ-ერთი წინაღობა კი, რის გამოც ჯავშნებს არ აკეთებენ, არის "კომენდანტის საათი". მაგალითად თურქეთში "კომენდანტის საათი" მოხსნილია ტურისტებზე და სტამბოლში რომ ჩახვიდეთ, ჩვეულებრივ შეგიძლიათ ქუჩაში მოძრაობა "კომენდანტის საათის" პერიოდშიც. მე როგორც ვიცი სხვა ქვეყნებშიც არის მსგავსი დაშვება. რეალურად, ვფიქრობ, რომ ეპიდსიტუაციის კუთხით საფრთხეს არ ქმნის ტურისტებისთვის "კომენდანტის საათის" გაუქმება“, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.

მისივე თქმით, საგულისხმოა ასევე ისიც, რომ "კომენდანტის საათის" პერიოდში არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა, ეს საკითხი ისედაც დგება დღის წესრიგში, როდესაც ვსაუბრობთ აეროპორტში ჩამოსულ ტურისტზე, რომელსაც გადაადგილება დასჭირდება. ფრენები კი ძირითადად საქართველოში ღამის საათებში სრულდება.

„ალბათ ბევრი იკითხავს, რა უნდა აკეთონ ქუჩაში ტურისტებმა, თუ არაფერი იმუშავებს, მაგრამ ტურისტებთან ურთიერთობის დროს გამოიკვეთა, რომ მათთვის მოძრაობის თავისუფლება მაინც მნიშვნელოვანია. იგივე აეროპორტში როცა ჩამოვლენ, გადაადგილების დროს. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სხვა პერსპექტივებიც შეიძლება გაჩნდეს, რათა ამუშავდეს ღამის ეკონომიკა, ისე რომ თუნდაც "კომენდანტის საათი" სრულად არ მოიხსნას, მაგრამ ტურისტებმა შეძლონ გარკვეული საათების შემდეგაც ქვეყანაში ფულის დახარჯვა“, - განაცხადა სიდამონიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის გაჟღერებას ინდუსტრიის ასოციაციებთან აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ მათგან მხარდაჭერა იქნება, რის შემდეგაც სექტორი ამას მოთხოვნების ერთ-ერთ პუნქტში შეიტანს. „ეს ისეთი ინიციატივაა, რისი პრობლემაც არ უნდა ჰქონდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს. ვინაიდან ჯავშნებზე მართლაც არის დიდი ინტერესი. თუ ეს პრობლემა მოიხსნება, ინდუსტრიას გაუადვილდება მუშაობა“, - ამბობს ის.

რაც შეეხება მოთხოვნას ჯავშნებზე, მაია სიდამონიძის თქმით, ძირითადად ინტერესი იმ ქვეყნებიდან მოდის, საიდანაც ავიარეისები დაანონსდა. ესენია სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი და შედარებით ნაკლებად, თუმცა, დასავლეთ ევროპაც.

„ძალიან ბევრი დისტანციურად მუშაობს და ისინი ჩვენნაირ ქვეყნებში სამუშაოდ ჩამოსვლასაც განიხილავენ. თუმცა, გადაადგილების თავისუფლება არის მათთვის მნიშვნელოვანი. ტრანსპორტით თუ არა, ფეხით მაინც რომ გაისეირნონ“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, საქართველომ რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნა 1 თებერვალს დაიწყო. თუმცა, "კომენდანტის საათის" გაუქმების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ. დაკეტილია მთის კურორტებიც. რესტორნები კი მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ღია სივრცეში ფუნქციონირებს.