მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მაინერების გამოვლენის სპეცოპერაციები მესტიაში უნდა გაგრძელდეს, სხვა გამოსავალი არ არის” - ნარმანია

62ac7ec23f6b7
ანუკა ჯოხაძე
18.06.22 00:00
3134
მესტია ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით წლიდან წლამდე რეკორდებს ხსნის. რეგიონში, სადაც ფიზიკური პირები ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან, კრიპტოვალუტების გამომუშავება ხშირია, ეს კი რეგიონს ელექტრო მომარაგების კუთხით პრობლემებს უკვე დიდი ხანია უქმნის.

მესტიაში მაინერების მუშაობის გამო, ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებას რომ ტურიზმზე თავისი ეფექტი ექნებოდა, ამას ჯერ კიდევ ზამთარში საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიაც ამბობდა. ნარმანიას პოზიცია იყო, რომ სვანეთში გათიშულიყო "უკანონო მაინერები", და თუ საჭიროება მოითხოვდა, ის უნდა დაყადაღებულიყო კიდეც.

დღეს სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ მიუხედავად მესტიის მაცხოვრებლების დაპირებისა და მაინერების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციებისა, ადგილზე ელექტროენერგიის მოხმარება მზარდი ტენდენციით მაინც ხასიათდება. მისივე თქმით, არსებული ქსელი მეტ დატვირთვას ფიზიკურად ვერ უძლებს, რის გამოც ახალი ობიექტების დაერთება ვეღარ ხორციელდება.

“სპეცოპერაციები კვლავაც უნდა გაგრძელდეს. სხვა გამოსავალი არ არის. სხვა შემთხვევაში იქ არსებული სიმძლავრეები მაქსიმალურად ათვისებული და დატვირთულია, ამიტომაც ახალი ობიექტების მიერთება შეჩერებულია. მარეგულირებელი კომისიის მიღებული გადაწყვეტილებით, გადავადებულია ახალი ობიექტების მიერთება, ვინაიდან არსებული ქსელი კიდევ დამატებითი სიმძლავრეებით დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. ამას ასაბუთებს "ენერგო პრო", როცა ითხოვს ჩვენთან ახალი მიერთებების გადავადებას. ამდენად მესტიაში მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელია", - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე.

თავის მხრივ, კომპანია "ენერგო პროშიც" ამბობენ, რომ სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. უფრო მეტიც, მათი თქმით, ის ამ ეტაპზე მზარდია, რაც მათი განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ მაინერები კვლავ ჩართულია. როგორც "ენერგო პროში" აცხადებენ, კომპანია არსებული ქსელების შეკეთებას ახორციელებს, თუმცა ახალი ინვესტიციების განხორციელება მათთვის მომგებიანი არ არის.