მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაინინგის აკრძალვა გამოსავალი არ არის, სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაამკაცროს -"ფინტექ ასოციაცია"

61cd96d918811
მარიამ ვარადაშვილი
31.12.21 10:15
717

ციფრული ფულის, კრიპტოვალურების მაინინგის გამო მესტიის მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ელექტოროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის “ენერგო პრო ჯორჯიას” განცხადებით, მესტიაში არსებული “უკანონო მაინინგი” მავნებლობაა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება. მაინიგი მესტიაში მიმზიდველი იმის გამოა, რომ აქ ადგილობრივები ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან, რითიც გარკვეული პირები სარგებლობენ, საბოლოოდ კი მუნიციპალიტეტი ელექტროენერგიას ჭარბად მოიხმარს, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. 

ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე ამბობს, რომ მესტიაში მაინინგზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს და სპეციალური ტექნოლოგიით გამოვლინდეს “მიტაცების” შემთხვევები. კერძოდ, მაინინგით დაკავებული პირებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები, საჭიროების შემთხვევაში დაჯარიმდნენ ან უკიდურეს შემთხვევაში დაყადაღდეს ეს ტექნიკა.

“რა ინფორმაციაც ვრცელდება, მესტიაში ბევრი პატარ-პატარა მაინინგ ფერმაა განთავსებული. ეს უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ენერგოსექტორზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია მთავრობას ამაზე სერიოზული რეაგირება ჰქონდეს, რადგან აქ საუბარი მხოლოდ კონკრეტული რეგიონის ელექტროენერგიის მიტაცებაზე არ არის, ეს მთელ ელექტროსისტემას ეხება. მაინინგის აკრძალვა ამ შემთხვევაში რელევანტური არ მგონია. უბრალოდ იმ ელექტორენერგიის თანხა უნდა გადაიხადონ, რასაც ეს მაინერი მოიხმარს. სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლი უნდა იყოს, ადგილობრივი სამართალდამცავები კონტროლს უნდა ახორციელებდნენ რომ მსგავსი “დატაცებები” არ მოხდეს. ამას გარდა, არსებობს გარკვეული ტექნოლოგიები, რითაც შესაძლებელია მიტაცების წყაროების დადგენა, კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე ხდება ელექტროენერგიის მიტაცება და ა.შ”,- აცხადებს კიკვიძე.

რაც შეეხება მაინინგის უკანონო საქმიანობად გამოცხადების საკითხს, "ფინტექ ასოციაციის" ხელმძღვანელი ამას არ ეთანხმება.

“ეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის. ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, რომლითაც შეუძლია დაკავდეს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. ამიტომ, ამის უკანონო საქმიანობად გამოცხადება მით უფრო დემოკრატიულ და საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ნაკლებად სავარაუდოა. ჩემი ინფორმაციით, მაინინგი არცერთ ქვეყანაში აკრძალული არ არის, რადგან როგორც აღვნიშნე, მართლსაწინაააღმდეგო ქმედებას არ წარმოადგენს”,-აცხადებს კიკვიძე.