"რაზეა დამოკიდებული ფასის მატება? ფასი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ძირითადია ფქვილის ღირებულება. მარტის ბოლოს, როცა დიდთოვლობა დაიწყო და ლარსის გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, პურის ქარხნები დამოკიდებულნი იყვნენ იმ ფქვილზე, რომელიც რუსეთიდან უნდა შემოსულიყო. ამ დრომდე 50 კილოგრამიანი ფქვილის ღირებულება იყო 65-70 ლარი, საბაჟოს გახსნის შემდეგ კი ფქვილის ღირებულება დაფიქსირდა 75 ლარზე. ამასთან ადგილზე წარმოებული ფქვილის ფასი 80 ლარია.
ამას თუ დავუმატებთ იმ გადასახადებს, რაც არის ელ. ენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და წყალზე, რასაც ემატება ხელფასები, დისტრიბუცია, ეს ყველაფერი ფოკუსირდება ფასებში. შედეგად დავინახეთ, რომ დღის წესრიგში დადგა საჭიროება ფასთწარმოქმნა გადაიხედოს.
ჩვენი, მეწარმეების გადაანგარიშებით დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებში გაიზრდება ფასი. თუ რუსეთიდან დაბალი ფასით შემოვა ფქვილი, ეს არსებულ ფასს შეგვანარჩუნებინებს, მაგრამ თუ კვლავ 75 ლარზე დაფიქსირდება ფქვილის ღირებულება, პურზე ფასის ცვლილება საჭირო გახდება"-განაცხადა მალხაზ დოლიძემ "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
"იფქლი დიღომის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ზოგიერთი დასახელების პური გასულ კვირაშიც გაძვირდა.