მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან 118 მილიონი ლარით შემცირდა

5ef077fd8b62b
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.20 13:19
1058
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2020 წლის მაისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობამ 118.2 მილიონი ლარით ანუ 37%-ით იკლო და მხოლოდ 196.3 მილიონი ლარი შეადგინა.

დამატებული ღირებულების გადასახადის მცოულობა ქვეყანაში ბიზნეს სექტორის ბრუნვასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, წლიურ ჭრილში მისი 37%-ით შემცირება კი, მაისში ეკონომიკური აქტივობის მკვეთრ ვარდნაზე მეტყველებს.

სწორედ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვას ეფუძნება საქსტატის შეფასება ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის შესახებ. აპრილში ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა 16.6%-ს შეადგენდა, მაისის ეკონომიკური ზრდის შესახებ კი 30 ივნისს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, დღგ-ის 37%-იანი შემცირების გამო, მაისის ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელიც ისეთივე დრამატული იქნება, როგორც ეს აპრილში იყო.

გასული თვის განმავლობაში დღგ-ის მსგავსად შემცირდა საშემოსავლო და მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალიც:

მაისში ბიუჯეტის შემოსავლმა საშემოსავლო გადასახადიდან 234.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6%-ით ნაკლებია. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადების კლება ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის შემცირებაზე მიანიშნებს.

საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ქვეყანაში 20%-ია და მას ძირითადად კონტრაქტით დასაქმებული პირები იხდიან. COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, ფინანსთა სამინისტროს 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე ათასმა ადამიანმა მიმართა, შესაბამისად მათ ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავსუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადიდან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

მოგების გადასახადის მოცულობამ კი მაისში 43.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 28.2 მილიონი ლარით, ანუ 39%-ით ნაკლებია.