მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაისში ინფლაცია შესაძლოა, 2%-ს ჩამოცდეს“- G&T-ის ეკონომისტი

645394c5ed012
ელენე გოგბერაშვილი
05.05.23 10:00
809
აპრილში ქვეყანაში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა. ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო.

Galt&Tagart მაისში ინფლაციის მეტად შემცირებას მოელის. საინვესტიციო ბანკის ეკონომისტი BM.GE-სთან ამბობს, რომ არ არის გამორიცხული მომდევნო თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ს ჩამოსცდეს.

„აპრილში ინფლაციის 2,7%-მდე ჩამოსვლა იმას ნიშნავს, რომ მაისში კიდევ უფრო ქვემოთ წამოვა ინფლაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთჯერადი ფაქტორი, რაც იყო ბინის დაქირავების ღირებულების კონტრიბუცია მთლიან ინფლაციაში, ეს ფაქტობრივად განულდება, რადგან საბაზისო ეფექტი ამოქმედდება. აქედან გამომდინარე მაისში გამორიცხული არ არის ინფლაცია 2%-ს ჩამოსცდეს“,-აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

მისი თქმით, ეს არის საფუძველი იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყოს ფიქრი მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე. ქავთარაძის განმარტებით, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორებიდან იმპორტირებული ინფლაციის წვლილი უარყოფითია, ისევ რჩება ადგილობრივი ინფლაციის გავლენა, თუმცა ადგილობრივი ინფლაციის ტემპიც მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ფაქტობრივად მაკროეკონომიკურად ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყოს.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სებ-მა მინიმუმ 0,5 პროცენტული პუნქტით შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რადგან თუ ჩვენ კიდევ ვნახავთ შემდეგ თვეებში თვე თვესთან დეფლაციას, ეს ნიშნავს, რომ წლიური ინფლაციაც უკვე წლის ბოლოსკენ უარყოფითში გადავა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ფასების რყევა იქნება დიდი.

იმისათვის, რომ ფასების ასეთი რყევა იქნას აცილებული და ვიფიქროთ 2024 წლისთვის, რომ ინფლაცია ნაკლებად რყევადი იყოს, საჭიროა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დროულად იყოს დაწყებული და ეს გაგრძელდეს წლის ბოლომდე. ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება, რომ დაახლოებით 1-1,5 პროცენტული პუნქტით მიმდინარე წელსვე შეამციროს თანდათანობით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი“, - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.

რეფინანსირების განაკვეთი ამ დროისთვის 11%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ახალ განაკვეთზე გადაწყვეტილებას 10 მაისის სხდომაზე მიიღებს.