მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და შემოწირულობები – TI-მ "ძალა ერთობაშია" შეისწავლა

5f782d26a7a65
თამთა ჯიჯავაძე
03.10.20 11:51
1944
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები შეისწვალა. ამ ბლოკში სულ 5 სუბიექტია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „პროგრესი და თავისუფლება“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“) გაერთიანებული, თუმცა მხოლოდ სამი პარტიის კანდიდატები იყრიან კენჭს მაჟორიტარულ არჩევნებში: „ნაციონალური მოძრაობიდან” - 20; პარტიიდან „პროგრესი და თავისუფლება“ - 4; და 1 კანდიდატი წარმოადგენს პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“.

კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" შეისწავლა მაჟორიტარი კანდიდატების და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

შესწავლის შეგეგად ორგანიზაციის ძირითადი მიგნებებია:

– „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 16 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (13 – თავად, ხოლო 3-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 16 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 113 კომპანიასთან. თუმცა, ამ კომპანიების ნახევარი (56) დაკავშირებულია მხოლოდ 2 მაჟორიტარ კანდიდატთან: კახაბერ ოქრიაშვილთან და ცეზარ ჩოჩელთან.

– 17 კანდიდატს, მათ ოჯახის წევრებს და ბიზნეს პარტნიორებს 2012-2020 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 621,987 ლარი აქვთ შეწირული, საიდანაც 285,302 ლარი 12 კანდიდატის პირადი შემოწირულობაა. პარტიის 5 ყველაზე მსხვილი შემომწირველია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით): ცეზარ ჩოჩელი – 134,000 ₾, კახაბერ ოქრიაშვილი – 90,000 ₾, დავით კირკიტაძე – 77,000 ₾, ნანუკა ჟორჟოლიანი – 62,500 ₾ და ხატია დეკანოიძე - 52,000 ₾.

– 8 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) სხვა პარტიის შემომწირველიცაა: „ქართული ოცნება“ – 757 780 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 388,000 ₾, როლანდ ფიფია - 175,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 69,780 ₾, დილარ ხაბულიანი - 65,000 ₾, მანუჩარ კვირკველია - 60,000 ₾); ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 145,000 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 85,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 60,000 ₾); „პატრიოტთა ალიანსი“ – 113,500 ₾ (ნატო ჩხეიძე); „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2,398 ₾ (ლევან ხაბეიშვილი - 1,898 ₾, ნატო ჩხეიძე - 500 ₾); „ევროპული საქართველო“ – 2,000 ₾ (ვაჟა ჩიტაშვილი).

– მაჟორიტარობის 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. აქედან 2 კანდიდატთან (კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი) დაკავშირებულმა კომპანიებმა 2011-2020 წლებში ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით 95.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. დანარჩენ 5 კანდიდატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი – 186,711 ₾. ეს კანდიდატები არიან: გრიგოლ ვაშაძე, კახა გეწაძე, გიორგი კაპანაძე, ნატო ჩხეიძე და დილარ ხაბულიანი.

– კახაბერ ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებული კომპანიები ასევე არიან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. კანდიდატებთან დაკავშირებულ 3 კომპანიას სახელმწიფო პროგრამიდან გარკვეული თანადაფინანსება აქვს მიღებული 30,306,480 ლარის ღირებულების საერთო ინვესტიციაზე.

–მხოლოდ 1 კანდიდატი, ბონდო თევდორაძე არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.

წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 6 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-2020 წლებში მოუწიათ ქონებრივი დეკლარაციის შევსება: ბადრი ბასიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, ნატო ჩხეიძე, აზერ სულეიმანოვი, ნიკანორ მელია და მიშა ბოლქვაძე. დარღვევები გამოვლინდა მხოლოდ ერთ დეკლარაციაში:

– ნატო ჩხეიძემ 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში სრულად და სწორად არ ასახა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანიები. გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.

დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ვებგვერდზე.