30.ივნისი .2022 00:50

მალდივის კუნძულებზე მცურავი ქალაქი პირველ მცხოვრებლებს 2024 წელს მიიღებს

მალდივის კუნძულებზე მცურავი ქალაქი პირველ მცხოვრებლებს 2024 წელს მიიღებს
views 815
უკან

მცურავი ქალაქი ინდოეთის ოკეანეში, მალდივის დედაქალაქიდან, მალედან, ზუსტად 10 წუთის სავალზე მდებარეობს. ის 2024 წელს, პირველ მცხოვრებლებსაც მიიღებს. მცურავ ქალაქს მთლიანობაში, 20 ათასი ადამიანის დატევა შეუძლია და ის 5 ათასი მცურავი ერთეულისგან შედგება. მათ შორისაა სახლები, რესტორნები, მაღაზიები, სკოლები და ყველა ის აუცილებელი სივრცე თუ სერვისი, რაც ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის სჭირდება. შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ქალაქის მშენებლობა სრულად, 2027 წლისთვის დასრულდება. თავად პროექტს, უძრავი ქონების სააგენტო Dutch Docklands და მალდივის მთავრობა ხელმძღვანელობს. ამის შესახებ გამოცემა CNN წერს. 

როგორც თავად ამბობენ, ეს არ არის ველური ექსპერიმენტი, პირიქით, მას კონკრეტული დანიშნულება აქვს და მიზნად ზღვის დონის აწევას ისახავს. ზოგადად, მალდივები, რომელიც 1 190 კუნძულისგან შედგება, კლიმატის ცვლილების მიმართ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ქვეყანაა. მისი ხმელეთის 80% ზღვის დონიდან ერთ მეტრზე ნაკლებია და არის იმის საშიშროება, რომ კუნძული წყალში ჩაიძიროს. ხოლო თუ ქალაქი ცურავს, ის შეიძლება ზღვასთან ერთად ამაღლდეს, შესაბამისად ადგილობრივები, მალდიველები, კლიმატის ლტოლვილებიდან შესაძლოა კლიმატის ნოვატორებად გადაიქცნენ.

მსგავსი ინიციატივის შემუშავება დაწყებულია სამხრეთ კორეასა და ბალტიის ზღვის მიმართულებითაც, მაგრამ მალდივების მსგავსი მასშტაბი არცერთს ექნება. გარდა ამისა, მალდივების დედაქალაქი არის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია მსოფლიოში, სადაც დაახლოებით რვა კვადრატული კილომეტრის ფართობზე, 200 000-ზე მეტი ადამიანია თავმოყრილი. ახალი მცურავი ქალაქი კი, ამ კუთხითაც იქნება ადგილობრივებისთვის ერთგვარი შემსუბუქება. რაც მთავარია, პროექტი ისეა დაგეგმილი, რომ გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას საერთოდ არ ახდენს, პირიქით, ხელს უწყობს მაგალითად, მარჯნის ბუნებრივ ზრდას, გარემოს გაჯანსაღებას და მათ გადარჩენას.

საბოლოოდ შედეგი ის არის, რომ ქალაქი იყოს თვითკმარი, ჰქონდეს იგივე ფუნქცია, რაც ხმელეთზე. მას ექნება ელექტროენერგია, რომელიც ძირითადად მზისგან მიიღება, ხოლო კონდიციონერის ალტერნატივისთვის, ქალაქი ღრმა წყლის გაციებას გამოიყენებს, რაც ცივი წყლის ამოტუმბვას გულისხმობს ღრმა ზღვიდან, რაც ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას. გარდა ამისა, პროექტი, სამომავლოდ აღარ იქნება ადამიანებისთვის, ე.წ. „გაურკვეველი არქიტექტურა”, რომლებიც მხოლოდ სუპერმდიდრების დაკვეთით იქმნება, პირიქით, ეს იქნება სწორი პასუხი კლიმატის ცვლილებასა და ურბანიზაციაზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა