მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალე მსოფლიო ბაზარზე იასამნისფერი პომიდორი გამოჩნდება

633683451ae62
თათია კაკიაშვილი
30.09.22 12:49
747
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა გენმოდიფიცირებული პომიდორი დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მომავალ წელს ამერიკულ მაღაზიებში გამოჩნდება. USDA-ის მიერ პომიდვრის ახალი სახეობის დამტკიცებას მის ფართოდ გავრცელებასთან ერთი ნაბიჯით აახლოვებს.

USDA-ის ცნობით, იასამნისფერი პომიდვრის გაზრდა უსაფრთხოა და მისი მეცხოველეობაში გამოყენებაც შეიძლება. მეცნიერების მტკიცებით, უნიკალური ფერის მიუხედავად, იასამნისფერ პომიდორს ჯანმრთელობის სარგებელი და უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი ჯიშის წითელ კულტურას.

ბოსტნეული ბრიტანელმა ბიოქიმიკოსებმა შეიმუშავეს, რომლებიც პიგმენტის მიღებაზე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. იასამნისფერი პიგმენტი კი რამდენიმე ყვავილისგან მიიღეს.

“პიგმენტები, რომლებმაც ჩვენი ინტერესი მიიპყრო, ანტოციანინებია, რომლებიც მოცვს, მაყვალსა და ბადრიჯანს ლურჯ-მეწამულ ელფერს აძლევს. გერმანული კონსორციუმის დაფინანსებით, ჩვენმა გუნდმა ანტოციანინებით მდიდარი პომიდვრის ინჟინერია გადაწყვიტა იმ იმედით, რომ პომიდვრის ანტიოქსიდანტურ შესაძლებლობებს გავზრდიდით,” - განაცხადა ბიოქიმიკოსმა კეიტი მარტინმა.

იასამნისფერი პომიდვრის მოსაშენებლად, მეცნიერებმა გამოიყენეს რიგი ფაქტორები იმისთვის, რომ პომიდორმა უფრო მეტი ანტოციანინის გამომუშავება შეძლოს, რაც ნათელ იასამნისფერს იძლევა. ეს მეთოდი მარტინმა და მისმა კოლეგებმა თავდაპირველად 2008 წელს შეიმუშავეს და ცდა თაგვებზე ჩაატარეს. კვლევის თანახმად, კიბოსკენ მიდრეკილი თაგვები, რომლებიც იასამნისფერ პომიდორს ჭამდნენ, დაახლოებით 30%-ით მეტხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ჩვეულებრივს მიირთმევდნენ.

“არსებობს ბევრი ახსნა, თუ რატომ შეიძლება ანტოციანინით მდიდარ პომიდორს ჯანმრთელობის სარგებელი ჰქონდეს. საუბარია იმაზე, რომ ასეთ პომიდორს ანტიოქსიდანტური უნარი აქვს და შეუძლია გავლენა მოახდინოს მიკრობიომის შემადგენლობაზე, ამიტომ მას სხვა საკვები ნივთიერებების მონელება უკეთ შეუძლია,” - დასძინა მარტინმა.

ირკვევა ისიც, რომ იასამნისფერ პომიდორს წითელთან შედარებით ორჯერ მეტხანს შეუძლია ფორმის და გემოვნური თვისებების შენარჩუნება. წარსულში, გენმოდიფიცირებულ საკვებზე თავდასხმები ხშირად ფოკუსირებული იყო საინჟინრო კულტურებზე, რომლებიც უფრო მდგრადია წარმოებისთვის. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ მომხმარებლებისთვის გენმოდიფიცირებული საკვების მიღების სარგებელი დღემდე ბუნდოვანია.

ახლა იასამნისფერი პომიდორი ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებას ელოდება. ამის შემდეგი ნაბიჯი მისი კომერციალიზაცია იქნება. 2023 წლიდან პომიდორი სატესტოდ შეზღუდული რაოდენობით კონკრეტულ ბაზრებზე გამოჩნდება იმის დასადგენად, თუ რომელი მომხმარებლები არიან კულტურით ყველაზე მეტად დაინტერესებული.

ამ ეტაპზე იასამნისფერი პომიდორი მხოლოდ აშშ-ში გაიყიდება.