მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალფუჭებად ტვირთებზე ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის ახალი სისტემა დაინერგა - შემოსავლების სამსახური

60fab862c7834
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.21 19:35
695
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, მალფუჭებად ტვირთებზე ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის ახალი სისტემა დაინერგა.

შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ახალი სისტემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, პატრულ ინსპექტორებს შესაძლებლობას აძლევს ელექტრონულ რეჟიმში გადაამოწმონ და მოიძიონ ინფორმაცია კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების მიერ, მალფუჭებად/პრიორიტეტული ტვირთის (ხილის, ბოსტნეულის და ა.შ.) არსებობის თაობაზე და უზრუნველყონ მათი შეუფერხებელი გადაადგილება.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან, კერძოდ: დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა/სერთიფიკატის საჭიროების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით. მათ ასევე, აქვთ შესაძლებლობა კახეთში, რეგიონიდან გაუსვლელად (მათ შორის გურჯაანში) "ერთი ფანჯრის პრინციპით“ სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, მიიღონ წარმოშობის სერტიფიკატი ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 2 თვის მონაცემებით, მებაჟე-ოფიცრების მიერ, ხილის ექსპორტზე სულ 2 064 საბაჟო დეკლარაციაა გაფორმებული, მათ შორის ქალაქ გურჯაანში - 713. ამავე პერიოდში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემულია - 1 136 წარმოშობის სერტიფიკატი (ქართული ხილის ექსპორტზე), საიდანაც 740 გურჯაანში, დროებით განთავსებულ საბაჟო გაფორმების ორგანოშია გაცემული.

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და საჭირო დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან შეიძლება წარდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით. ატვირთვის დროს თუ გადამხდელის მიერ, მითითებული იქნება მალფუჭებადი/პრიორიტეტული (მაგალითად: ხილის/ბოსტნეულის შემთხვევაში) საქონელი, ტვირთი მოხვდება პრიორიტეტულ რიგში, მებაჟე ოფიცრის მიერ უმოკლეს ვადაში გაიცემა წარმოშობის სერტიფიკატი და მოხდება გადამხდელის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ“, - ნათქვამია შემოსაველბის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს საბაჟო კონტროლის ზონებში, 24 საათიან რეჟიმში გასცემს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია:

ა) ანალიზისათვის ნიმუშის აღება;
ბ) დამუშავება.

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელების საფუძველზე, იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინებით გაიცემა.

ქართული წარმოშობის საქონელი ევროკავშირში, თურქეთის რესპუბლიკაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, EFTA-ს სახელმწიფოებსა (ისლანდია, ლიხტენშტაინის სამთავრო, ნორვეგიის სამეფო და შვეიცარიის კონფედერაცია) და გაერთიანებულ სამეფოში იმპორტისას საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენისას საგადასახადო შეღავათით (პრეფერენციით) ისარგებლებს.