მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალხაზ კუნელაური: რაც დრო გადის, სამშენებლო სექტორში რეგულაციები მეტად რთულდება

5f43cc7549d17
ინგა მურუსიძე
24.08.20 19:55
2501
"რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რთულდება რეგულაციები ჩვენს ქვეყანაში და მით უფრო რთული ხდება მშენებლობის წარმოება", - ამის შესახებ bm.ge-ის დეველოპერული კომპანია „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.

„რედკოს“ დირექტორი მთავარ გამოწვევად ქვეყანაში მუდმივად მზარდ რეგულაციებს ასახელებს.

"ძალიან ბევრი კომპონენტის ერთად დაკმაყოფილება უწევს ბიზნესს. მაგალითად, 2021 წლიდან შენობებში ენერგოეფექტურობის დანერგვის ვალდებულება გვემატება. ეს ცუდი არ არის, ენერგოეფექტური მშენებლობა, ევროკავშირის სტანდარტია და ის ძალიან კარგია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური კრიზისია და რეგიონში განსაკუთრებული მომხიბვლელობით არ სარგებლობს, უნდა იყოს ნაკლები რეგულაცია და ნაკლები ბიუროკრატია, რაც შექმნის საფუძველს, რომ მეტი ფული ჩავადებინოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და არა ისე, რომ რამდენიმე წელი ველოდოთ ნებართვას და არც ვიცოდეთ, როდის და როგორ გავალთ ბოლოში“, - განაცხადა კუნელაურმა. 

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ "დღეს საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ევროკავშირის თუნდაც სამართლიანი და
მაღალი სტანდარტები ერთი-ერთში გადმოიტანოს, რადგან ქვეყნის საინვესტიციო გარემო არ არის ისეთი, როგორც - ევროპის განვითარებულ ქვეყნებში“.

"ევროპაში ბიუროკრატიაც მეტია და სტანდარტებიც, თუმცა იქ სამშენებლო თვალსაზრისით გასაკეთებელი უკვე გაკეთდა, ხოლო საქართველოში ახლა შენდება კურორტები და ა.შ. მნიშვნელოვანია ძირითად სტანდარტებზე შეთანხმება, მაგრამ ჩვენ უნდა გავხსნათ გზა იმისთვის, რომ როგორც უცხოელმა, ისე ქართველმა ინვესტორებმა მოიფიქრონ და თავიანთი ფული დააბანდონ ამ ქვეყანაში და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში. რეგულაცია რაც არ უნდა სამართლიანი იყოს, ის მაინც რეგულაციაა და მისი აღსრულების ნაწილი პრაქტიკაში ხელს უშლის პროცესს“, - აღნიშნა კუნელაურმა.

გარდა რეგულაციებისა, ის გამოწვევად ასახელებს მშენებლობის სექტორში ბიუროკრატიას და დავების განხილვების ხანგრძლივობას, თუმცა, როგორც კუნელაური ამბობს, "რედკო" სახელმწიფო ტენდერებში არ მონაწილეობს და ბევრი სხვა პრობლემა, რაც სამშენებლო სექტორს აქვს, მის კომპანიას არ შეხებია.