14.აგვისტო .2019 12:07

მამუკა ბახტაძე: კიბერდანაშაული ამ საუკუნის ყველაზე მძიმე გამოწვევაა

views 191
უკან

კიბერდანაშაული, სამწუხაროდ, გახდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება, რათა მივიღოთ სრულფასოვანი სურათი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ tv "პირველზე" განხორციელებულ შესაძლო კიბერ შეტევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები ამ საკითხის გამოძიებაზე მუშაობენ.


„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ თქვენ უმოკლეს ვადაში შეძლებთ, განაახლოთ სრულფასოვანი მაუწყებლობა. ზოგადად, როდესაც კიბერდანაშუალთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ძირითად აქცენტს აკეთებენ პრევენციაზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, როგორც სახელმწიფოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ოპონენტების ნაწილის შეფასებას, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლისვგანვითარებული მოვლენები და "ტვ პირველზე" შესაძლო კიბერშეტევა არის მედიაზე ზეწოლა, მამუკა ბახტაძე სპეკულაციად და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს.


„ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მცდელობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი იყოს დაცული და იმ მაღალ სტანდარტზე დარჩეს და გაუმჯობესდეს, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა