მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძის AGECF-ი საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების დაახლოებისთვის ახალ შეხვედრას მართავს

61f15aa2d4f8f
BM.GE
27.01.22 09:00
866
ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაფუძნებული ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF) 27 იანვარს მეორე ონლაინ-შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი ავრცელებს. ორგანიზაციის მიზანს საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საქართველოში DFC-ის რეგიონული ოფისის გახსნის ადვოკატირება წარმოადგენს.

“ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა მამუკა ბახტაძე, 27 იანვარს, 16:00 საათზე, გამართავს ონლაინ-დისკუსიას, რომლის მთავარი თემაა - ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.

შეხვედრაზე ძირითადი მომხსენებლები იქნებიან - AGECF მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხების უფროსი მაიკლ ჰონიგსტეინი.

ონლაინ-დისკუსიისას იმსჯელებენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნის მიზნებსა და პერსპექტივაზე; ამერიკული კომპანიების გამოწვევებსა და მდგრადი/ინკლუზიური განვითარების აუცილებლობაზე", - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

ორგანიზაციამ პირველი შეხვედრა 8 დეკემბერს გამართა, მაშინ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ სამწუხაროა ფაქტი, რომ რეგიონში აშშ-ის ინვესტიციები იკლებს. „ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთია და კვლევებიც ამაზე მიანიშნებენ, რომ ამერიკულ კომპანიებს აქვთ ნაკლებობა ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტებისა, რათა აზიურ და რუსულ კომპანიებს გაუწიონ კონკურენცია.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა უნდა იყოს ამის გასაღები, რათა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ეს იყო ჩემი და ჩემი ამერიკელი და ქართველი მეგობრების ძირითადი მოტივაცია, რომ დაგვეფუძნებინა ეს ორგანიზაცია - “ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი”, - დასძინა მან.

მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტი 2019 წლის სექტემბერში დატოვა.