მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძის ფონდმა აშშ-ში ლობისტური ფირმა დაიქირავა

621f237141d98
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.22 11:56
2394
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს საჯაროა. თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულების და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

აღნიშნული სისტემის მიხედვით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაფუძნებულმა ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდმა (AGECF) 15 თებერვალს გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Delahunt Group International LLC-თან. 

კონტრაქტის ხანგრძლივობა 4 თვეს შეადგენს, მისი ბიუჯეტი კი $40,000 დოლარია.

კონტრაქტის მიზანს საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის მუშაობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საქართველოში DFC-ის რეგიონული ოფისის გახსნის ადვოკატირება წარმოადგენს.

მამუკა ბახტაძემ ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი გასული წლის დეკემბერში წარადგინა. მაშინ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ სამწუხაროა ფაქტი, რომ რეგიონში აშშ-ის ინვესტიციები იკლებს. „ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთია და კვლევებიც ამაზე მიანიშნებენ, რომ ამერიკულ კომპანიებს აქვთ ნაკლებობა ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტებისა, რათა აზიურ და რუსულ კომპანიებს გაუწიონ კონკურენცია.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა უნდა იყოს ამის გასაღები, რათა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ეს იყო ჩემი და ჩემი ამერიკელი და ქართველი მეგობრების ძირითადი მოტივაცია, რომ დაგვეფუძნებინა ეს ორგანიზაცია - “ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი”, - დასძინა მან.

მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტი 2019 წლის სექტემბერში დატოვა.