07.დეკემბერი .2019 20:41

მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ანაკლიის პროექტს "ქართული ოცნების" გარეშე განვახორციელებთ

views 644
უკან

„ჩვენ ანაკლიის პროექტს „ქართული ოცნების“ გარეშე განვახორციელებთ“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებლის განცხადებით, მთავარი ფაქტორი, რაც დღეს ანაკლიის პორტის განვითარებას უშლის არის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 

ხაზარაძის თქმით, ანაკლია და სამეგრელო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგიონი გახდება - "ისევე, როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე ბიძინა ივანიშვილმა გადააგდო მთელი საზოგადოება და დაასამარა ოცნებები, ის ასევე ასამარებს ანაკლიის პროექტს. ამ პროექტის განხორციელება არის შანსი, რომ ქვეყანა აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე დააყენოს ეკონომიკის მხრივ, სამუშაო ადგილების მხრივ და ა.შ. ჩვენ მათ გარეშე განვახორციელებთ ამ პროექტს, მე ამას გპირდებით. მათ სახლში გავისტუმრებთ და ანაკლიის პროექტი აუცილებლად გაკეთდება. სამეგრელო იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამეზობლოში. თუმცა ამის პირველი ნაბიჯია ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება, მის უკან არის ქალაქ ანაკლიის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გუშინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ის ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ ისინი პროექტს ვერ ახორციელებენ.

„ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის სისრულეში მოყვანა. აქედან გამომდინარე, როდესაც ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ ხდება გადავადება, როდესაც ორწლიანი ვადა იწურება ამ თვის ბოლოს, არავითარი პერსპექტივა არ ჩანს არც ბანკებისგან 400 მილიონიანი სესხის მიღების, არც 120 მილიონი საკუთარი კაპიტალის მოზიდვის, ახალი ინვესტორის შემოყვანის, შესაბამისად, პორტის ოპერატორის შემოყვანის და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის პასუხისმგებლობაც, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, კონკრეტულ ინვესტორთან ურთიერთობის გაწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პროექტის ჩაშლას. რაც შეეხება საარბიტრაჟო სასამართლოში შესაძლო დავას, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სამწუხარო იქნება თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს კონსორციუმი, რადგან ეს ნამდვილად შეაფერხებს პროექტის სწრაფად განხორციელებას.