მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება

5e24540ac4caa
BM.GE
19.01.20 17:02
1193
დღეს ,, ლელო საქართველოსთვის" ოფისში პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა კონგრესმენ მარკუეინ მალინის განცხადებასთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონგრესმენის შეფასება ნათლად მიანიშნებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ოცნების ხელმძღვანელობით ორიენტირებულია ჩრდილოეთის ვექტორზე.

,,კონგრესმენის განცხადება ეძღვნება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას, სადაც ძალიან მკაცრად და მკაფიოდ არის გაკრიტიკებული ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ეწევა დასავლელი და, კერძოდ, ამერიკელი პარტნიორების და სახელმწიფოს მიმართ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს არის კონგრესმენების უკვე მეორე განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს შეფასება, პრაქტიკულად, ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიულ და ეკონომიკურ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომისა და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ოცნების ხელმძღვანელობით არის ორიენტირებული ჩრდილოეთის ვექტორზე.

განცხადება მიმართულია გახარიას მიმართ და პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყანა მუდმივად უხვევს დემოკრატიული ღირებულებებისგან და ჩვენ მომსწრე ვართ იმისა, თუ როგორ მიითვისა ერთმა ადამიანმა თითქმის ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მართავს მათ სურვილისამებრ და არა იმ განწყობით, რასაც სახელმწიფოს მშენებლობა და სახელმწიფო მართვა ჰქვია.

აქვე აღნიშნულია ფეისბუქის გადაწყვეტილების შესახებ, სადაც ასევე ნათლად არის ნათქვამი , რომ ფეისბუქმა დახურა ის ყველა გვერდი, რომელიც პირდაპირ იყო ასოცირებული ოცნების მმართველობასთან და რომლებიც დისკრედიტაციას უწევდნენ ოპოზიციურად განწყობილ პარტიებსა თუ პირებს.

ეს არის სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი მიზანმიმართული სპეცოპერაცია. თავიდან დაიწყო თიბისი ბანკის მიმართ, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, შემდგომ ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად და იმ ამერიკელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან და ძალიან დიდი სურვილითა და გამბედაობით განახორციელეს ინვესტიცია იმ ადგილას, სადაც 4 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას. აი, სწორედ მათ მიმართ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს ეს განცხადება.

ოცნების რიგები დატოვა ყველა იმ პროდასავლურმა ადამიანმა, ვისთან ერთადაც ისინი თავიდან მოვიდნენ ხელისუფლებაში. პრაქტიკულად, ოცნებაში არ არსებობენ კადრები, ვინც დასავლეთისა და ამერიკის ნდობას იწვევს. შესაბამისად, ქვეყნის ეს კურსი აცდენილია სახელმწიფოებრივ კურსს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კურსი, რომელიც ვერ ეუბნება უარს თავის პარტნიორებს რუსეთში და კრემლში. შესაბამისად, ქვეყანა მიემართება სხვა მიმართულებით. ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ამას შევცვლით. ჩვენ ვგმობთ ამ დამოკიდებულებას, რადგან ამერიკელი ხალხის და სახელმწიფოს მხარდაჭერა არ არის რომელიმე პარტიის მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის მხარდაჭერა’’ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.