22.აგვისტო .2019 21:05

მამუკა ხაზარაძე: პროკურატურა ისევ იწყებს, იმიტომ, რომ შოკში ჩავარდნენ

views 6858
უკან

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ ასახელებს იმ წინაპირობებს, რის გამოც იგი სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება მოხდა.

"24 ივნისს ლონდონში იყო ჩვენი აქციონერთა კრება. 24 ივნისამდე ჩემი და ბადრის ინიციატივით გადავეცით საერთაშორისო, ძალიან რეპუტაციულ კომპანიებს ჩვენი პერსონალური ანგარიშები, სერვერები, კომპიუტერები, რომ ცივილურ სამყაროში, იქ, სადაც სამართალი სამართალია, სადაც მართლმსაჯულება მართლმსაჯულებაა, შეემოწმებინათ დეტალურად ყველაფერი ბოლო 15 წლის განმავლობაში - ჩვენი პერსონალური და არაპერსონალური ინფორმაცია. შედეგად დაიდო დასკვნა, რომლის შედეგადაც ჩვენმა აქციონერებმა 98 პროცენტით აგვირჩიეს თავიდან და გვითხრეს, რომ გავაგრძელოთ იმ თანხების მართვა, რომელიც მათია "თიბისი ბანკში", 20 მილიარდზეა საუბარი.

ამის შემდგომ სამარცხვინოდ პროკურატურა ისევ იწყებს, იმიტომ, რომ შოკში ჩავარდნენ. შოკში ჩავარდნენ იმიტომ, რომ ფულს განდობენ, ინსტიტუტები, 105 საერთაშორისო ბანკი და ფონდი... დეტალური სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა, ხალხო, ვართ ცამდე მართლები! ამას რატომ ვამბობ – ვიღაცები ამბობენ, რომ მოძრაობა იმიტომ დაიწყეს, რაღაცას ამოეფარონო.

ჩვენ ეს მოძრაობა შეგვეძო დაგვეწყო იანვარში, როცა პირველი შეტევა იყო, დეკემბერში, როცა პირველად დაგვიბარეს, თებერვალში, როცა ბრიფინგები ჩაატარეს, თუნდაც მაისში, მაგრამ არ გაგვიკეთებია, სანამ ჩვენ არ დავრწმუნდით, ჩვენ დასარწმუნებელი არაფერი გვქონდა, მაგრამ სანამ ჩვენი აქციონერები და პარტნიორები არ დარწმუნდნენ, რომ სუფთები ვართ და არაფერი, ერთი ხინჯიც კი არ არის. ბოლო 15 წელზეა საუბარი, მეგობრებო. მხოლოდ ამის მერე გამოვაცხადეთ მოძრაობის და პარტიის დაფუძნება.

მინდა გითხრათ, რომ მზად ვარ, 29-წლიანი დოკუმენტაცია წარვადგინო. არაფერი გადაგვიგდია. ასე წარმოადგინოს ყველა ბანკმა, ყველა დამფუძნებელმა, ვინ როგორ მუშაობდა და როგორ მუშაობს და საზოგადოება გაიგებს ძალიან ბევრ სიახლეს. ასე არ დამთავრდება ეს. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული, სამართლიანი ქვეყანა, სამართალი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით", - აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. 

პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. 

მართალია, ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში დღეს დაიბარეს, მაგრამ იგი ქვეყანაში არ იმყოფება, ამიტომ ბრალის შესახებ დადგენილებას მისმა ადვოკატმა კახა წერეთელმა ჩაიბარა. თავად ბიზნესმენი კი საგამოძიებო უწყებაში ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, 29 აგვისტოს გამოცხადდება. 

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ. 

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით). 

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით", – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა