მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: "ბიზნესი ყოველთვის მორჩილი იყო და მეც ამის ნაწილი ვიყავი"

61fd52393f796
სალომე ჭიპაშვილი
04.02.22 20:19
742
„მორჩილი იყო ყოველთვის ბიზნესი და მეც ამის ნაწილი ვიყავი“, - ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის ბიზნესგარემო გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრისას „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

„იყო ბიზნესების წართმევაც, თუმცა ასეთი დონის კონტროლი და წნეხი, საერთაშორისო დონის ინვესტორისთვის ინვესტიციის წართმევა, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება, არ მახსენდება. მოდით ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, ქვეყანაში არის ერთი კაცის მიერ შექმნილი ოლიგარქია, რომელმაც ვერტიკალი ჩამოაყალიბა, სადაც პოლიტიკა და ბიზნეს ინტერესები გადაჯაჭვულია თავისივე სასარგებლოდ. ჩვენს ქვეყანაში ეს თუ არ დამთავრდა და თავისუფალ სივრცეში არ გადავიდა ბიზნესი, თუ ანაკლიის მსგავს პროექტებს არ განვახორციელებთ, არავინ იცის როგორი იქნება საქართველო 5 წლის შემდეგ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა სიღატაკე, უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემებია, რაც ინვესტიციის ძალიან დაბალი დონითაა გამოწვეული. ქვეყანაში FDI-ს დაბალი შემოდინებაა. ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს სჭირდება პოზიციონირება, რათა საჭირო გახდეს რეგიონისთვის.

„თუ გვინდა საქართველოთი დაინტერესდნენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა „ამაზონი“, დიდი ავტომწარმოებელი კომპანიები, IT კომპანიები და ა.შ, საჭიროა სერიოზული პლატფორმა და ამ ეტაპზე ასეთად შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობა და მსხვილი ინვესტიციების შემოსვლა მიმაჩნია, რომელიც არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც ჩვენს ქვეყანას სიღატაკისგან იხსნის“, - აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც პროექტის ინვესტორთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა.

ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის 35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.

საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ისინი კვლავ რჩებიან ანაკლიის პროექტის ერთგულები და პროექტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ. თუმცა ამ დრომდე უცნობია როდის იგეგმება ამ ტენდერის გამოცხადება.