მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა

61de848b18b87
ელენე გოგბერაშვილი
12.01.22 11:35
547
„სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა. ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამდე, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის უფლებებს, მის ღირსებას იცავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასმართლო“, - ეს განცხადება „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

ის ამბობს, რომ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსამართლემ გამოიტანა, აუცილებლად გასაჩივრდება, რადგან ეს არის „პრინციპის და ღირსების საკითხი“.

„ძალიან ნათელია ის სიყალბე, რაც მოვისმინეთ. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელი, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით და უცბად ეს მუხლი გაქრა და 2012 წელს თურმე ჩვენ თაღლითობა ჩაგვიდენია, რომელზეც გამოძიებაც არც ჩატარებულა. არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ეს არის ნონსენსი, ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ მთელმა საზოგადოებამ.

ასეთი სასამართლოს და ასეთი მართლმსაჯულების პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული სასამართლო და მართლმსაჯულება, ეს მმართველობა დამთვარდება, რადგან ქართველი ხალხი ვერ შეეგუება უსამართლო მართლმსაჯულებას. სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა, ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამდე, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის უფლებებს, მის ღირსებას იცავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასმართლო.

ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელება. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ეს არის პრინციპის და ღირსების საკითხი. გპირდებით ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის. ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, მაგრამ დახშული, მიმალული, შეშინებული. ეს უნდა გამოვაღვიძოთ, უნდა გავერთიანდეთ და საქართველო უნდა გავხადოთ წარმატებული და გამარჯვებული ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარაძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამართულ პროცესზე გამოაცხადა.

მათ სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა - პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს დავობდა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ არა ამ მუხლით, არამედ 180-ე მუხლით ცნო, რაც თაღლითობას გულისხმობს, თუმცა თაღლითობის მუხლი არის ხანდაზმული, რის გამოც ბრალდებულები თავისუფლები იქნებიან. პროკურატურამ მათ ბრალი 194-ე მუხლით მხოლოდ იმიტომ წაუყენა, რომ ეს მუხლი არ იყო ხანდაზმული და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მათ საპატიმრო სასჯელი ემუქრებოდათ, თუმცა ამ მუხლისთვის საჭირო მტკიცებულებათა არარსებობის გამო სასამართლომ სხვა განაჩენი მიიღო.