მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: საგარეო ვალის აღება ქვეყნის ბიზნესის განვითარებას არ ემსახურება

5d95bdfb355e4
ელენე გოგბერაშვილი
03.10.19 22:00
1552

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს.

ხაზარაძე ამბობს, რომ საგარეო ვალი, რომელიც 2020 წელს 22,5 მლრდ ლარი იქნება, არ ემსახურება ქვეყნის ბიზნესის განვითარებას და თითოეულ მოქალაქეს ხარჯს უზრდის.

„უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, მშპ-თან მიმართებით ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფო ვალი 2012 წელს იყო 2500 ლარი, 2019 წელს იყო 5500 ლარი და 2020 წელს იქნება 6000 ლარი.

პრაქტიკულად, თუ შევხედავთ იმ კუთხით, რომ ეს ბიუჯეტი ჩვენია ანუ ჩვენი ფორმირებულია და ვავსებთ ამ ბიუჯეტს, პრაქტიკულად, ეს ხელუსუფლება თითოეულ ჩვენთაგანს გვიზრდის ვალს და ეს არის პროგრესული.

ამას რომ მოჰყვებოდეს სამუშაო ადგილების შექმნა, ამას რომ მოჰყვებოდეს ეკონომიკის ზრდა, ამას რომ მოჰყვებოდეს თუნდაც საშუალო ხელფასის ზრდა, რომელიც არ შეცვლილა, თუ ვალუტასთან მიმართებაში გადავიანგარიშებთ 2012 წლიდან მოყოლებული“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ დამფუძნებელს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პენსიონერებს ატყუებს, როცა ეუბნება რომ 30 ლარით უზრდის პენსიას, რადგან დოლართან მიმართებაში ლარში დღეს არსებული პენსია იმაზე ნაკლებია, ვიდრე - 2012 წელს იყო.

„2012 წელს გადაანგარიშებული პენსია ვალუტასთან მიმართებაში იყო 95 დოლარი, 2019 წელს ეს არის 80 დოლარი.  ანუ ეს არის სულ ფიქცია, როცა პენსიონერებს ეუბნებიან თქვენ დაგიმატებთ 30 ლარს. ეს არის მათი მოტყუება იმიტომ, რომ რეალურად ესენი ცხოვრების დონეს იუარესებენ და ეს ბიუჯეტი თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაწერილი, რომ "ოცნებამ" კიდევ ერთხელ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა ამყოფოს გაუბედურებელ მდგომარეობაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა არაუმეტეს 22 681.7 მლნ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალის – 17 711.7 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალის კი − 4 970.0 მლნ ლარის ოდენობით.

რაც შეეხება პენსიას, 2020 წლიდან პენსია 20 ლარით  იზრდება, 1 ივნისიდან კი, 70 წელს ზემოთ ასაკით პენსიონერები დამატებით 30 ლარს მიიღებენ.