მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: ხვალ 3-წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა

61b9c55beb7c5
შოთა ტყეშელაშვილი
15.12.21 14:43
841
“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 16 დეკემბერს მისი, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბოლო სხდომა ტარდება.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს გამოძიება $17 მილიონის ე.წ. “გათეთრებას” ედავება. პროკურატურის მტკიცებით, 12 წლის წინ "თიბისი ბანკმა" ახლობელ კომპანიებზე გასცა სესხი, რომელიც წინასწარი შეთანხმებით, ბანკის დამფუძნებლებმა პირად ანგარიშებზე დაიბრუნეს, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები საერთოდ არ ასახავს ფულის გათეთრების პროცესს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ექსპერტ პოლინ დევიდის შეფასებით, ბრალდებულთა მიმართ “მოხდა სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენება”.

“ხვალ 3 წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა!
1. ფულის გათეთრება არ ყოფილა;
2. ფულის მითვისება არ ყოფილა;
3. საქმეს არ ჰყავს დაზარალებული და მომჩივანი;
4. საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული (იხ. საერთაშორისო დასკვნები);
5. პროკურატურის ბრალდების შემდეგ, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა სპეციალური გამოძიების ჩაატარების შედეგად 2019 წლის 24 ივნისს 98% ხმათა რაოდენობით მე და ბადრი თავიდან აგვირჩიეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარედ და მოადგილედ;
6. დღესაც ვამაყობთ იმით, რაც 2008 წელს გავაკეთეთ;
7. გადავარჩინეთ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ჩამოშლას ჩვენი პირადი ინტერესის ხარჯზე, გადავარჩინეთ მეანაბრეები თანხის დაკარგვას, ათასობით "თიბისელი" სამსახურიდან განთავისუფლებას;
8. ეხლაც ზუსტად იგივეს გავაკეთებდით;
9. ვერ შეგვაშინებთ; ვერ გაგვაჩერებთ;

ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც,” - წერს მამუკა ხაზარაძე.

საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა ასეთია:

“არ არსებობს რაიმე ქმედება, რომელიც ფულის გათეთრების დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებს დაადასტურებდა. ბრალდებულების ქმედებები, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, არ სცდება იმ ფაქტებს რომლებიც, დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა პრედიკატული დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდეს. მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ჩადენის ფაქტი,” - წერს პოლინ დევიდი.

ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ თავად ქმედებები, რომელთა დასჯასაც პროკურატურა მოითხოვს არის ხანდაზმული, ხოლო ბრალდების წაყენება კი მოხდა იმგვარად, რომ გვერდის ავლა მომხდარიყო ამ ფაქტისთვის, ეს კი პოლინ დევიდის განმარტებით, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს.

“მოცემულ საქმეში, ბრალდებულების მიერ განხორციელებული სავარაუდო ქმედება ხანდაზმულია, ხოლო ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლის მიზნით პირის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებაა, რაც იმ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომლებიც ყველა ბრალდებულის უფლებების დაცვას ითვალისწინებს,” - ნათქვამია დასკვნაში.