მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: ყველა კრიზისს აქვს ერთი მახასიათებელი - იხსნება ახალი ფანჯარა

5e836c353361d
თათია ჩაფიჩაძე
31.03.20 18:22
1214
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში რიგი ხარჯების შემცირების შედეგად 1 მლრდ ლარის მობილიზება შესაძლებელია.

ამასთან, ახალი რესურსების მოძიების პროცესში ხაზარაძე უმნიშვნელოვანეს კომპონენტად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული სესხების რესტრუქტურიზაციასაც ასახელებს.

„ჩვენ, დაახლოებით, 8%-მდე რეზერვს ვხედავთ ქვეყნის ბიუჯეტის შემცირებაში. ბოლო წლებში ის არ იგეგმებოდა სწორად და თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ არის რეზერვი იმისათვის, რომ 8% იქნას ნაპოვნი, თუმცა აქ არ იგულისხმება კაპიტალური დანახარჯები, იმიტომ რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ინფრასტრუქტურული და კაპიტალური ინვესტიციები. ეს თანხა უნდა მოხმარდეს იმ ადამიანების სოციალურ მხარდაჭერას, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და რომლებსაც გაუჭირდებათ.

უზარმაზარ რესურსს ვხედვათ იმ სესხების რესტრუქტურიზაციაში, რომელიც მთავრობას და ქვეყანას აქვს აღებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან; ეს სერიოზული მოცულობითი თანხაა. პარალელურად უნდა იყოს ჩატარებული სერიოზული სამუშაოები ახალი რესურსების მოსაზიდად.

ჩვენ არა მარტო უნდა გადავაგოროთ ეს კრიზისი, არამედ მომზადებულები უნდა შევხვდეთ შემდეგ ეტაპს. ყველა კრიზისს აქვს ერთი მახასიათებელი - იხსნება ახალი ფანჯარა და მომენტუმი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ”, - განაცხადა ხაზარაძემ.

„საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას, ხაზარაძემ მათი გაერთიანების მიერ შეთავაზებულ 6 მლრდ ლარიან ატიკრიზისულ გეგმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კრიზისის გადასატანად, არამედ შემდგომ ეტაპთან შესახვედრად.

„ეს არის „ლელოს“ მოდელი, რომელიც ეხება იმ ანტიკრიზისულ პროგრამას, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ლაპარაკია 6 მლრდ ლარიან ფონდზე, საიდანაც 3 მლრდ არის საგარანტიო ფონდი. ეს არის იმისთვის, რომ გარანტია მიეცეს მცირე და საშუალო ბიზნესს, რათა მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და დაგეგმონ საქმიანობა კრიზისის შედგომ პერიოდში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლები კომპანია გაკოტრდეს. ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის შიდა რესურსების გამოყენებით.

რაც შეეხება მეორე 3 მლრდ-ს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქედან 1-1 მლრდ უნდა იყოს გამოყოფილი სასურსათო უზრუნველყოფისთვის. დაახლოებით, 300 მლნ დოლარი ეროვნული ბანკის მხრიდან უნდა იყოს გამოყოფილი ლარის სტაბილიზაციისათის. 1 მლრდ ლარი უნდა იყოს გამოყოფილი იმისთვის, რომ მოხდეს მეურნეობების და ფერმერების მხარდაჭერა, რამეთუ ჩვენ ახლა როგორც არასდროს ვბრუნდებით სოფელში და მათ უნდა მიეცეთ სერიოზული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნავს ხაზარაძე.