მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძემ პროკურატურას ე.წ გახარიას წერილის დედანი ჩააბარა

5dad970725cce
დავით ჯალაღონია
21.10.19 15:28
1007
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურას იმ ე.წ მუქარის წერილის დედანი ჩააბარა, რომელიც მისი ინფორმაციით, შს ყოფილი მინისტრისა და ამჟამინდელი პრემიერის გიორგი გახარიასგან მიიღო.

"როგორც დავპირდი პარლამენტში, როცა ეს განცხადება გავაკეთე ჩემსა და ბადრი ჯაფარიძეზე ორკესტრირებული შეტევის შესახებ, ერთ–ერთი ფრაგმენტი იყო მუქარის წერილი, რომელიც მივიღეთ იმდროინდელი შს მინისტრი გახარიასგან. ამ წერილის ექსპერტიზა ლონდონში დამთავრდა. დღეს, როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ის ვალდებულება და ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის რა თქმა უნდა, დიდი იმედი არ მაქვს.

გიდასტურებთ, რომ ჩვენ წერილი მივიღეთ გახარიასგან, შესაბამისად, არასდროს არ გვითქვამს, ვის მიერ არის დაწერილი. ერთი წელი დარჩა პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს ჩვენ მოვახდენთ ერთი წლის შემდეგ აუცილებლად, თავის შემადგენლობიანად, რათა საქართველოში წესიერი მართლმსაჯულება დამყარდეს. დაველოდოთ გამოძიებას", – განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

თავის მხრივ, ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ აღნიშნა, რომ იგი დღესვე, სახალხო დამცველს ყველა დოკუმენტის ასლს ჩააბარებს, რაც დღეს პროკურატურას გადასცა.

"ჩვენ სამართლებრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ საქმეს. ჯერჯერობით ვაცლით პროკურატურას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ორგანოების სამართლებრივი აქტები, რომელიც შეაფსებენ სიტუაციას და იმ სამართლებრივ აქტებს სად და როგორ გავასაჩივრებთ, ეს მომავლის საქმეა", - განაცხადა კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ, როცა იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი ე.წ მუქარის წერილი, თავად საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა. ხაზარაძის ინფორმაციით, ამ წერილის მიხედვით, მასთან გიორგი გახარიას სამი მოთხოვნა ჰქონდა - „ტვ პირველი“ „ტელეიმედის“ ტრენდზე გადაერთოს, „არტარეას“ ობიექტურობის მაღალი ხარისხი დაეტყოს და ხაზარაძემ ოფიციალურად განაცხადოს, რომ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი“ მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ამ შინაარსის Facebook პოსტი ხაზარაძემ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნა.

ამ საქმეზე პროკურატურამ ხაზარაძე გამოკითხა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ აღნიშნა, რომ წერილს კონკრეტული პირების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვს და ამასთან, ხაზარაძემ გამოძიებასთან სრულყოფილად არ ითანამშრომლა, რადგან არ დაასახელა შუამავალი, რომელმაც ხაზარაძეს წერილი გადასცა.