მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანჯგალაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება

620d10a7d297b
ანუკა ჯოხაძე
16.02.22 22:20
1168
ნაძალადევის რაიონში მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია უკვე მე-10 თვეა მიმდინარეობს. თბილისის მერის მხრიდან იყო დაპირება, რომ ამ ქუჩის განახლება გასული წლის ნოემბრის ბოლოს მაინც დასრულდებოდა, თუმცა პროექტი გაჭიანურდა.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, აღნიშნული ქუჩის სრული განახლება მოხდა, რამაც ვადების ნაწილში კორექტირება მოითხოვა. მისი თქმით, მანჯგალაძის ქუჩაზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს, ქუჩის რეაბილიტაცია კი მაქსიმუმ ერთ კვირაში დასრულდება.

“მანჯგალაძის ქუჩაზე ფაქტობრივად არ არსებობდა კომუნიკაციები და ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგვიწია. ყველაფერი მოწესრიგებულია, კომუნიკაციები შეცვლილია, გარე განათების ქსელი მთლიანად მიწის ქვეშ არის ჩატანილი. ახალი გარე განათების ბოძები დამონტაჟებულია. ამ ქუჩის დიდ ნაწილზე საასფალტე სამუშაოებიც დასრულებულია. ბოლო ეტაპი არის დარჩენილი. შესაბამისად, დაახლოებით 1 კვირაში მთლიანად დასრულებული იქნება მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია", - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

ცნობისთვის, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია თბილისის ბიუჯეტს 1.5 მლნ ლარი უჯდება, ხოლო პროექტის ფარგლებში სრულად უნდა შეიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციები, უნდა დაიგოს ასფალტის ახალი საფარი და მოეწყოს ტროტუარები. ამასთან, ქუჩაზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ უნდა განთავსდეს.

მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის 19 აპრილს დაიწყო. ადგილზე საგზაო სამუშაოებს შპს იბერი ახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას მანჯგალაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები 3 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა.