26.მარტი .2021 22:40

მანქანებზე ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა ხუთ დღეში იწურება

მანქანებზე ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა ხუთ დღეში იწურება
views 964
უკან

საქართველოში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა ხუთ დღეში - 1 აპრილს იწურება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, სანომრე ნიშნების შეცვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მათ სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი.

მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) გადმოწერა ხდება "აიფონით" სარგებლობის შემთხვევაში - APP Store-დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობისას - PLAY Store- დან. გადმოწერის შემდეგ, დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირებული. დისტანციური მომსახურების მისაღებად, სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ მიეთითება პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი აპლიკაციაში პირდაპირ ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეძლებს პირად გვერდზე გადასვლას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა და მაშინვე გამოცხადდა ნომრების შეცვლის ბოლო ვადა - კონკრეტული თარიღი 2020 წლის სექტემბერი, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს ექვსწლიანი ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.

ვინაიდან ქვეყნის მასშტაბით, მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი რაოდენობით ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის. მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, არაერთხელ მოხდა საზოგადოების ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ 2021 წლის 1 აპრილიდან, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც კვლავ შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში, სატრანსპორტო საშუალების მოყვანისა და დათვალიერების გარეშე.

აქვე საყურადღებოა, რომ 1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა