მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

628def4391e4a
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.22 13:03
655
საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის - ასე შეაფასა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე - „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან დაახლოებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის. ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია. ძალიან ლოიალური და ერთგული პარტნიორობა ვაჩვენეთ ევროკავშირს, რადგან საერთო ფასეულობები და პრინციპები გვაერთიანებს.

მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ეს მთავარი დოკუმენტი და გზამკვლევია სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ და ხელშესახები შედეგებიც ვიქონიეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სახით, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის.

სულ ახლახან ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარვადგინეთ. თქვენს კითხვაზე პასუხად მოგახსენებთ, რომ რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს ევროკავშირთან და მასში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია.

როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ - მაქსიმუმს გავაკეთებთ - იმისათვის, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ კარისი, და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი. პანელის მოდერატორი „The New York Times“-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, მატინა სტევის-გრიდნეფი იყო.