მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარანი "ჯორჯინო" მცხეთაში ტურისტული სივრცის მოწყობას გეგმავს

5e1b1b7e64588
ნუცა ბაზლიძე
12.01.20 20:00
2924
ახალგაზრდა მეწარმე გიორგი მეშველიანი, რომელიც საოჯახო მარან „ჯორჯინოს“ ხელმძღვანელობს, ახალი ტურისტული სივრცის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ მეშველიანმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

„ქალაქ მცხეთაში საკუთარ სახლში გავაკეთე მარანი. ამ ეტაპზე, ფაქტობრივად დასრულებულია მუშაობა ტურისტულ სივრცეზე, სადაც ტურისტები შეძლებენ ღვინო დააგემოვნონ; ჩავატარებთ გასტრონომიულ მასტერკლასებს. გამზადებულია ორანჟერეის ტიპის სივრცე, სადაც დაახლოებით 40 ადამიანი მოთავსდება“, - აღნიშნავს გიორგი მეშველიანი.

როგორც ის განმარტავს, საწყის ეტაპზე ის პროექტ „ახალგზარდა მეწარმის“ ფარგლებში დაფინანსდა და დაახლოებით 40%-იანი, 20 000 ლარამდე თანხის ოდენობის თანადაფინანსებით ისარგებლა, 60% კი პირადი სახსრებით უზრუნველყო.

რაც შეეხება ტურისტული სივრცის შექმნას, ამ შემთხვევაში მას შეღავათიანი აგროკრედიტი დაეხმარა.

ამასთან, როგორც „ჯორჯინოს“ წარმომადგენელი განმარტავს, ღვინის დასაყენებლად გამოყენებული ყურძნის რაოდენობა 10-11 ტონას შეადგენს. მისივე განმარტებით, ის მუშაობს როგორც წითელი, ისე თეთრი ყურძნის ჯიშებზე, მათ შორის: საფერავი, ალადასტური, რქაწითელი, ცოლიკაური, ოჯალეში, რომელთაც დაემატება როზე.

ამ ეტაპზე, ღვინო მაღაზია „8000 მოსავალში“ და ბარ „Wine Not?“-ში რეალიზდება. როგორც გიორგი მეშველიანი განმარტავს, მისთვის პრიორიტეტული ღვინის ექსპორტზე გატანაა.

„ღვინო ბევრ მაღაზიაში არ შემაქვს, რადგან ვცდილობ, ისეთ მაღაზიებთან ვითანამშრომლო, რომლებიც გადახდისუნარიანები არიან და თანამშრომლობისას პრობლემები არ შეიქმნება. ამ ეტაპზე პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება, თუმცა ვცდილობ, პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიტანო“, - აღნიშნავს გიორგი მეშველიანი BM.GE-სთან საუბრისას.