მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარანმა "ჯორჯინომ" ტურისტული სივრცე მოაწყო - "ექსპორტზე მოლაპარაკებები შეჩერდა"

5ecaa3e4c7bfd
ნუცა ბაზლიძე
24.05.20 21:00
2053
“ტურისტული სივრცის პროექტი, ფაქტობრივად, ბოლომდეა მიყვანილი, უბრალოდ, ახლა ველოდები ტურისტული სეზონი გახსნას” - ამის შესახებ BM.GE-ს გიორგი მეშველიანმა განუცხადა, რომელიც მარან „ჯორჯინოს“ ხელმძღვანელობს.
მისივე განმარტებით, პანდემიის გამო ტურისტული სივრცის მოწყობის პროექტი შეფერხდა და დროში გაიწელა, თუმცა, საბოლოოდ, მან უკვე მიიღო დასრულებული სახე. პროექტის განხორციელებისთვის გიორგი მეშველიანმა შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.

„მივიღებთ ტურისტებს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანებს, ვანახებთ მარანს, ავუხსნით ღვინის დამზადების პრინციპებს. შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება 4 სახეობის ღვინის დაგემოვნება“, - აღნიშნავს გიორგი მეშველიანი.

რაც შეეხება უშუალოდ „ჯორჯინოს“ ღვინოს, ის ადგილობრივ ბაზარზე მაღაზია „8000 მოსავალში“ და ბარ „Wine Not?“-ში იყიდება.

გიორგი მეშველიანის განმარტებით, კორონავირუსის გათვალისწინებით, ღვინო ონლაინ იყიდებოდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, გაყიდვები მაინც ძალიან შემცირდა და ფაქტობრივად, გაჩერდა.

“ჯორჯინოს” დამფუძნებელი გეგმავს როგორც ადგილობრივ ბაზარზე გააქტიურებას, ასევე ექსპორტზე გასვლას. მისი განმარტებით, მან ამ პერიოდში მონაწილეობა ონლაინფესტივალზეც მიიღო და სამომავლოდ, ასევე ფესტივალების საშუალებით, ბრენდის ცნობადობაზე ზრუნვას აპირებს.

კორონავირუსმა გავლენა „ჯორჯინოს“ გეგმებზეც მოახდინა. როგორ გიორგი მეშველიანი აღნიშნავს, ექსპორტისთვის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული პროცესი შეჩერდა.

ცნობისთვის: საწყის ეტაპზე გიორგი მეშველიანი პროექტ „ახალგზარდა მეწარმის“ ფარგლებში დაფინანსდა და დაახლოებით 40%-იანი, 20 000 ლარამდე თანხის ოდენობის თანადაფინანსებით ისარგებლა, დარჩენილი ნაწილი კი პირადი სახსრებით უზრუნველყო.