მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მარდი ჰოლდინგი“: „წელს ბათუმის უძრავ ქონებაზე ფასი 20-25%-ით გაიზრდება“

63da1b5a3ee9e
თათია ჩაფიჩაძე
04.02.23 23:23
1071
დეველოპერული კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ ინფორმაციით, გასულ წელს ბათუმში მდებარე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გასამმაგებული იყო, რამაც გაყიდვების მაჩვენებელი რამდენჯერმე გაზარდა.

როგორც BMG-ს კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ნუგზარ ბერიშვილმა უთხრა, მყიდველების დიდი ნაწილი რუსებზე და უკრაინელებზე, ასევე ისრაელის, პოლონეთის, გერმანიის და ესპანეთის მოქალაქეებზე მოდის. მისი თქმით, ქართველი მომხმარებლების წილი საერთო გაყიდვებში 5%-ს არ სცდება.

არსებული ზრდადი ტემპების ფონზე კომპანიაში მოლოდინი აქვთ, რომ გაზაფხულიდან მოთხოვნა და ფასი უძრავ ქონებაზე კიდევ გაიზრდება.

ამ დროისთვის „მარდი ჰოლდინგის“ მიმდინარე პროექტების პრემიუმ სეგმენტში თეთრი კარკასის ფასი 1 800$-დან, ეკონომ სეგმენტში კი 1000$-დან იწყება. მიმდინარე პროექტების 75-80% უკვე გაყიდულია.

“მიმდინარე სამწუხარო მოვლენების გამო მიგრაციის დონე ძალიან გაიზარდა და ჩვენი ბაზრისთვის დადებითი შედეგი გამოიწვია, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა გასამმაგდა, აქედან გამომდინარე, არა მარტო ჩვენთვის, არამედ სხვა კომპანიებისთვისაც 2022 იყო ძალიან მომგებიანი წელი. დღევანდელი მოცემულობითაც იგივე ტრენდი ნარჩუნდება. მოთხოვნა მზრდია და ველოდებით, რომ წლის მეორე კვარტლიდან კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა გარკვეული შეზღუდვები დააწესეს ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი მწვანე დერეფანი რჩება მათთვის საქართველო. ველოდებით, რომ წელს ფასები კიდევ 20-25%-ით გაიზრდება", - განაცხადა ბერიშვილმა.

გარკვეული პაუზის შემდეგ კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ გასულ წელს ახალი პროექტებით წარსდგა მომხმარებლის წინაშე. ბერიშვილის ინფორმაციით, კომპანიამ წელი 4 ახალი პროექტი დაიწყო ახალი სტანდარტებით და ყველა პროექტში ბინების 75% გაყიდულია.

"ის, რასაც 3 წლის ვადაში ვგეგმავდით, 1 წელში გავყიდეთ. ჩვენთან ძირითადად არიან როგორც რუსი, ისე უკრაინელი მყიდველები, თუმცა ასევე აქტიურად ვმუშაობთ ისრაელის, პოლონეთის, გერმანიის და ესპანეთის ბაზრებზე. ადგილობრივი ძლიერი პარტნიორები გვყავს, საინვესტიციო ფონდების და საბროკერო კომპანიების სახით, რომლებიც ახდენენ ჩვენი პროდუქტის რეალიზებას. სამწუხაროდ, ქართველი მომხმარებლების წილი მცირეა, დაახლოებით 5%-ს შეადგენს, იმედი გვაქვს, ეს პორტფელი გაიზრდება, ამისთვის წელს ვაპირებთ გარკვეული სუბსიდირებები შემოვიტანოთ და მათაც მიიღონ უძრავი ქონებიდან ამონაგები“, - განაცხადა ბერიშვილმა.